მმართველი პარტია ოპოზიციას უტევს

ნაციონალურმა მოძრაობამ ”ანომალია” უწოდა პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას სურს ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა დააფინანსოს მისი საარჩევნო კამპანია.


პატარკაციშვილი თავადაც იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამჟამად, ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლები ლონდონში იმყოფებიან, სადაც პატარკაციშვილთან შეხვედრას გეგმავენ.


”არ ვმალავ, რომ ბადრი პატარკაციშვილთანაც მაქვს მოლაპარაკება დაფინანსების თაობაზე; ვნახოთ,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ 6 დეკემბერს. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს გაყიდოს აქციები საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში  (GWS), რათა თანხა არსებობდეს საარჩევნო ფონდში.


”ანომალიაა, როდესაც პრეზიდენტობის ერთი ოპოზიციური კანდიდატი [გაჩეჩილაძე] ელოდება დაფინანსებას მეორე ასევე ოპოზიციური კანდიდატისგან [პატარკაციშვილი],” – განაცხადა დეპუტატმა გივი თარგამაძემ მმართველი პარტიიდან, ”არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილი საკუთარ თავს სთავაზობს მომავალში პრემიერად, თუმცა, ხალხს სხვა რამეს ეუბნებიან, რომ თითქოს მათი პრემიერობის კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი… ეს არის ძალიან ბინძური ფული, რომელიც  არის ნაშოვნი სისხლზე, მკვლელობებზე, ძარცვებზე და ძალადობაზე და ამ ფულის გამოყენებას გეგმავს ლევან გაჩეჩილაძე საკუთარი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად”.


საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეარჩია გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში.


ოპოზიციამ უკვე დაგმო მმართველი პარტიის განცხადება პატარკაციშვილთან ”საიდუმლო გარიგების” თაობაზე და მას ”სასაცილო” უწოდა. ”ჩვენ უკვე გვყავს პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი და სხვისი კანდიდატურა არც განიხილება,” – განუცხადა დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან ”რუსთავი 2”-ს 7 დეკემბერს.


მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ოპოზიციური კოალიცია ან მისი საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე არ იღებს რაიმე დაფინანსებას პატარკაციშვილისგან.


”თუ ბატონი პატარკაციშვილი გადაწყვეტს, რომ მოხსნას კანდიდატურა და დაგვეხმაროს ფინანსურად, ცხადია ამ წინადადებას განვიხილავთ და კანონმდებლობის ფარგლებში და გამჭირვალედ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რადგანაც ფინანსები ნამდვილად გვჭირდება,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version