ლეიბორისტული პარტია მოუწოდებს ქართველ ბიზნესმენებს უარი თქვან მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებაზე და სანაცვლოდ, წვლილი შეიტანონ მათი ლიდერის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო ფონდში.
”სააკაშვილის ჯიბეში, საარჩევნო ფონდში, თქვენი შემწეობით, თავი მოიყარა ასეულობით მილიონმა, რითაც კვლავ მზადდება ხელისუფლების უზურპაცია, რაზედაც ძირითადი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ,”- მიმართა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესმენებს ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ.
”კეთილი ინებეთ, თუ ქველმოქმედების ჭია გაგჩენიათ, თანაბრად დააფინანსეთ ყველა პოლიტიკური ძალა და საარჩევნო სიაში მთავარი ოპოზიციური კანდიდატი შალვა ნათელაშვილის საარჩევნო ფონდი,”- დასძინა მან.
იმავდროულად, შალვა ნათელაშვილმა 7 დეკემბერს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებით ბოლო მოეღება ”სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს”.