პრეზიდენტობის კანდიდატებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკური, 30-წამიანი რეკლამის განთავსება ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში 15 400 აშშ დოლარი დაუჯდებათ.
”რუსთავი 2”-ის გასართობი პროგრამების საეთერო დრო საინფორმაციო პროგრამებთან შედარებით უფრო ძვირია პოლიტიკური რეკლამებისთვის. 15 400 აშშ დოლარი 30 წამში, ყველაზე ძვირი რეკლამა ტელეკომპანიის რეალური შოუს ”უკანასკნელი გმირის” მიმდინარეობის დროსაა. შემდეგ მოდის ”კომედი შოუ” – 11 000 აშშ დოლარი 30 წამში. 30-წამიანი პოლიტიკური რეკლამა საინფორმაციო გადაცემა ”კურიერში” 9 350 აშშ დოლარი ღირს. მინიმალური ფასი 220 აშშ დოლარით განისაზღვრა 30 წამში.
შედარებით დაბალი ფასები აქვს ტელეკომპანია ”მზეს”, რომელიც ”რუსთავი 2”-თან ერთად შედის ერთ მედია-ჰოლდინგში, რომლის მფლობელია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი. ”მზის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პოლიტიკური რეკლამის ფასი 30 წამზე 715 აშშ დოლარია.
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი რჩება, რომელიც აქტიურ სატელევიზიო სარეკლამო კამპანიას ეწევა. მისი რეკლამები ძირითადად საინფორმაციო ხასიათისაა და თითოეული დაახლოებით ოთხ წუთს გრძელდება. თითოეულ მათგანში ნაჩვენებია სააკაშვილის ვიზიტები რეგიონებში და ყოველი ვიზიტის შემდეგ ახალი რეკლამა მზადდება.
სატელევიზიო რეკლამის კიდევ ერთი სახეობაა ვიდეო კლიპები მომღერალ ზუმბას შესრულებით. ვიდეოკლიპის ერთ-ერთ კადრში ჩანს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მიხეილ სააკაშვილთან ერთად გასულ წელს საქართველოში მისი ვიზიტის დროს.
პრეზიდენტობის დანარჩენ კანდიდატებს სატელევიზიო სარეკლამო კამპანია ჯერ არ დაუწყიათ.