საქართველო 2009 წელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას ელის

საქართველო იმედოვნებს, რომ დაასრულებს მოლაპარაკებებს და 2009 წელს ხელს მოაწერს ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას (FTA+) ევროკავშირთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 6 დეკემბერს. 


”ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ კუთხით გარკვეულ პროგრესს მივაღწევთ 2008 წელს, თუმცა ამ პროცესის დასრულებას 2009 წლისთვის ვგეგმავთ,” – განაცხადა გურგენიძემ ბრიუსელიდან ”რუსთავი 2”-თან პირდაპირ ეთერში საუბრისას.


გურგენიძე 6 დეკემბერს ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მათ შორის ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესს კომისარს ხავიერ სოლანას შეხვდა.


პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უკვე ჰქონდა ევროკავშირთან GSP+ სავაჭრო სისტემა, რომელიც ეხება 7 ათასი დასახელების პროდუქტს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იქნება ” მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ექსპორტის გაზრდისა და ქართული კომპანიების ხელშეწყობისთვის”. 


იმავდროულად, ევროკომისარმა საგარეო საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა 6 დეკემბერს გურგენიძესთან შეხვედრის შემდეგ, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე ”გადაჭარბებული” იყო, ვალდნერის თქმით, საქართველოს ”ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოა”.


”ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი,” – იტყობინება ”როიტერი” ბენიტა ფერერო-ვალდნერის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მაგრამ … ჩვენ კვლავაც შევეცდებით საქართველოს გვერდზე დგომას, დავეხმარებით ინსტიტუტების გაძლიერებაში და იმის შექმნაში, რაც საჭიროა”.  


 

Exit mobile version