გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი პრიორიტეტებზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ 3 დეკემბერს თავისი საარჩევნო პროგრამის ”ძირითადი პრინციპების” პრეზენტაცია გამართა.


”ერთ კვირაში სრულ პროგრამას წარმოვადგენ – 200 ნაბიჯი, ან 200 დღე – სადაც ჩემი გეგმა დეტალურად იქნება წარმოდგენილი, თუ რის გაკეთებას ვაპირებ, როგორც ამ ქვეყნის ბოლო პრეზიდენტი. ეს გეგმა იმ პრინციპებს დაეფუძნება, რომელთაც ახლა წარმოვადგენ,” – განაცხადა მან.


გაჩეჩილაძის თქმით, მთავარი მიზანი იქნება საპრეზიდენტო სისტემის შეცვლა საპარლამენტო მმართველობით, სადაც ასევე განხილული იქნება კონსტიტუციური მონარქიის შესაძლო ვარიანტი. მან ეს უკანასკნელი არ დააკონკრეტა განაცხადა რა რომ ”სხვადასხვა მოდელები არსებობს საპარლამენტო სისტემის ფარგლებში”.  


”ჩემთვის პრეზიდენტობა თვითმიზანს არ წარმოადგენს,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ, ”ჩვენი მიზანია ისეთი პირობების შექმნა, რომელიც გამორიცხავს ხელისუფლების უზურპაციას ერთი პირის და პირთა ვიწრო წრის მიერ. 5 იანვრის არჩევნები ამ მიზნის მიღწევის მხოლოდ ერთი ეტაპია. 5 იანვარს ჩვენ გავანთავისუფლებთ საქართველოს მიხეილ სააკაშვილისგან და მისი კორუმპირებული გარემოცვისგან”.


გაჩეჩილაძის თქმით, მისი და მისი მხარდამჭერი კოალიციის მიზანი არის ”ეროვნულ ტრადიციებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული სტილის  დემოკრატიული და მდიდარი სახელმწიფოს შექმნა”.


მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭება მისი პრიორიტეტი იქნება. ”საქართველო, რომელიც არის ქართული, და არა ამერიკული ან რუსული, და რომელსაც ევროპული სტილის სახელმწიფოებრიობისკენ მიილტვის, იქნება ჩვენი პრიორიტეტი. მე ჩემს პროგრამაში ყურადღებას ვამახვილებ ”ქართულ მიდგომაზე”, სწორედ ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ეკლესიის სპეციალური სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ, თუმცა ამ დეტალებზეც არ უსაუბრია.


სახელმწიფომ და საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2002 წელს კონკორდატს მოაწერეს ხელი, რომელიც ეკლესიას სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით კონსტიტუციურ უპირატესობას ანიჭებს.


გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია ასევე ტოლერანტობა და უმცირესობათა პატივისცემა.


ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ”ადგილობრივი წარმოების ლობირება”.

გაჩეჩილაძის პრიორიტეტების ჩამონათვალში მოცემულია ერთ-ერთი პრინციპი: ”უკანონოდ გაყიდული სახელმწიფო ქონების დაბრუნება”. იგი ასევე დაპირდა მინიმალური პენსიების საარსებო მინიმუმამდე გაზრდას.


პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე პირდება ამომრჩევლებს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სისტემის შექმნას, რომელიც ბიზნესმენებსა და სახელმწიფოს შორის დავების მოგვარებას დაეხმარება და ასევე დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბებას.  


საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში მისი ”არჩევანი და ამბიციაა”. მან ასევე დასძინა, რომ სააკაშვილის ”უპრინციპო და არასწორი” პოლიტიკა რუსეთის მიმართ უნდა შეიცვალოს, რათა ნორმალური ურთიერთობები დამყარდეს მოსკოვთან, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის პირობით.    


თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ზომები, რაც მიზნად ისახავს ”რუსეთის სამართლებრივ ცნობას მხარედ” აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში.


გაჩეჩილაძემ ასევე გამოხატა მზადყოფნა დაიწყოს პროცედურები საქართველოს დსთ-დან გამოსასვლელად.


მისი თქმით, ”კონფლიქტების მოგვარების გასაღები” არ არის მოსკოვში ან ვაშინგტონში, არამედ ის საქართველოშია. კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, განაცხადა მან, სამოქალაქო და ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციული პროგრამების განხორციელების გზით. 


 

Exit mobile version