ხელისუფლებას ტელეკომპანია ”იმედის” გახსნის ”ერთკვირიანი ვადა” აქვს

ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” მაუწყებლობა შესაძლოა ერთ კვირაში განახლდეს, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ დემოკრატიას საქართველოში საფრთხე ემუქრება, განაცხადა 1 დეკემბერს პოლონელმა ჟურნალისტმა ადამ მიხნიკმა  თბილისში საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრების შემდეგ.


ადამ მიხნიკი, რომელიც მოძრაობა ”სოლიდარობის” თანადამფუძნებელი და Gazeta Wyborcza-ს მთავარი რედაქტორია, თავისი ”პირველი დიპლომატიური მისიით” 29 ნოემბერს ”იმედის” საკითხის გადაწყვეტაში დახმარების აღმოჩენის მიზნით ევროკავშირის დავალებით ჩამოვიდა.

”მე ჩამოვედი, მოვუსმინე ყველას, ვესაუბრე და ახლა ვტოვებ საქართველოს იმედით,” – განაცხადა მან 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ხელისუფლებასთან მოლაპარაკება ადვილი არ იყო. ეს მოლაპარაკებები საკმაოდ დაძაბული და რთული იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, თუ რა იქნება ამ საუბრების შედეგი”.


”როგორც მე გავიგე, თქვენ ერთ კვირაში შეძლებთ ”იმედის” გადაცემების ყურებას,” – განაცხადა მიხნიკმა, ”მე შევიტყვე ძალიან მაღალი რანგის ოფიციალური პირებისგან, რომ ორშაბათიდან დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი… და ეს მოლაპარაკებები ოპტიმისტურ პერსპექტივებს იძლევა”. 


თუმცა, მან ასევე გააფრთხილა: ”თუ ”იმედი” ერთ კვირაში არ გაიხსნება, მე მომიწევს განვაცხადო მსოფლიოს ყველა მედია საშუალებით – და მე მაქვს ამის შესაძლებლობა – რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, რომ ქვეყანაში იყოს მედია პლურალიზმი საარჩევნო კამპანიის დროს. ასევე მომიწევს იმის თქმა, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება და მომიწევს იმის თქმა, რომ ყველა ეს შეხვედრა და მოლაპარაკება ჩემთან [ხელისუფლების მხრიდან] მხოლოდ მანიპულაცია იყო და ის ფაქტი, რომ მე მომიწვიეს, იყოს მხოლოდ მცდელობა ხელისუფლებისთვის ალიბის შესაქმნელად. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ერთ კვირაში სხვა რამეს ვიტყვი: საქართველოს ხელისუფლება სწორ გზაზე დგას”.


მიხნიკმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას შეეძლო აღედგინა ”იმედის” მაუწყებლობა ამის სურვილი რომ ჰქონოდა.


”ყველა [ხელისუფლებიდან] მეუბნებოდა, რომ პრობლემა არ არსებობდა და ”იმედი” დაუყონებლივ უნდა გახსნილიყო და მარწმუნებდნენ კიდეც, რომ ამის გარდა არაფერზე ოცნებობდნენ,” – განაცხადა მიხნიკმა, ”თუმცა, ჩემი ვიზიტიდან სამი დღის შემდეგ ”იმედი” კვლავ დახურულია და დღესაც კი ტელეკომპანიის ტექნიკურ პერსონალს ”იმედის” შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცა”.


”ერთი კვირა ბოლო ვადაა და რა თქმა უნდა, მე ეს ერთი კვირაც არ მახარებს, რადგანაც დარწმუნებული ვარ, ტელეკომპანიის გახსნა გუშინაც კი იყო შესაძლებელი”.


ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ, რომელიც ასევე ახლდა ადამ მიხნიკს საქართველოში, განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ”100%-იანი გარანტია”, რომ ”იმედი” ერთ კვირაში გაიხსნება, ის ახლა უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე თბილისში ჩამოსვლამდე.  


ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტები და ადმინისტრაცია აცხადებენ, რომ თავდაპირველად 5 დეკემბერი სახელდებოდა ტელეკომპანიის გახსნის დღედ; თუმცა, მოგვიანებით, ამ თარიღმა 8 დეკემბერს გადაიწია.

ამასობაში, ჟურნალისტების თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ტელეკომპანიის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ახდენს რა ზეწოლას ჟურნალისტებზე და პროდიუსერებზე, რათა მათ დატოვონ ტელეკომპანია. ხელისუფლება, მათი თქმით, მიმზიდველ სამსახურს სთავაზობს მათ არა მარტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელეკომპანიებში, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებში. რამდენიმე ჟურნალისტმა და პროდიუსერმა უკვე დატოვა ტელეკომპანია.


ადამ მიხნიკმა განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე მან წინ წამოწია ”იმედის” თანამშრომლებზე ზეწოლის საკითხი.


”მე ვესაუბრე ამ ზეწოლაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს,” – განაცხადა მან და შემდეგ ირონიულად დასძინა: ”მათი პასუხი საკმაოდ ნაცნობი იყო ჩემთვის, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე; პასუხი ასეთი იყო: გვიჩვენეთ ეს ხალხი, ვინ არის ეს ხალხი, წარმოადგინონ დამამტკიცებელი საბუთები”.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მიხნიკმა თავისი ვიზიტის ფარგლებში განიხილა, იყო საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა მედია მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც ქართველი მაუწყებლების მიერ ჟურნალისტურ სტანდარტებს და საინფორმაციო სიუჟეტების ეთიკურობას გააკონტროლებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

მიხნიკის განცხადებით, ქართველი ჟურნალისტები დადებითად შეხვდნენ ამ ინიციატივას და ის მზადაა ამგვარი მედია მონიტორინგის ორგანოს თავმჯდომარეც გახდეს, რომლის რეკომენდაციები და დასკვნები იურიდიულად სავალდებულო არ იქნება მაუწყებლებისთვის. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ საკუთარი პირობები გააჩნია.


”მე ერთ პირობას ვაყენებ,” – განაცხადა მიხნიკმა, ”ამ სტრუქტურის ხუთივე წევრი მე უნდა შევარჩიო და არა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ. მე უკვე ვესაუბრე რამდენიმე კანდიდატს, თუმცა მათ სახელებს მხოლოდ მას შემდეგ დავასახელებ, როცა ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა აღდგება”.


”რატომ უფრო ადრე არა? იმიტომ, რომ მე ვიცი ერთი გამონათქვამი: ენდე ხალხს, მაგრამ ყოველთვის შეამოწმე ისინი,” – განაცხადა მან. იგი გულისხმობდა ხელისუფლების დაპირებას, რომ ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა ერთ კვირაში განახლდება. მან ამ ახალი ჯგუფის დეტალებზე საუბრისგან ”იმედის” გახსნამდე თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ მის გარდა ჯგუფის შემადგენლობაში უცხოელები არ შევლენ.


ადამ მიხნიკმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს მან ”ბევრი პრეტენზია” მოისმინა ”იმედთან” დაკავშირებით. ”მე ქართული მედიის ექსპერტი არ ვარ. მაგრამ თუ იყო რაიმე ძალადობის მოწოდება რომელიმე მედია საშუალების მიერ, ეს ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება,” – განაცხადა მან. 


”მე მზად ვარ ორგანიზება გავუკეთო ხუთი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც კვირაში ერთხელ განიხილავს მედია საშუალების მიერ მედიის ეთიკის დარღვევის ფაქტებს… ჯგუფს ექნება ვიწრო მანდატი: განიხილოს იყო თუ არა ძალადობისკენ მოწოდება ან გაკეთდა თუ არა მცდარი განცხადება, მაგალითად ის, რომ ვიღაც KGB-ს აგენტია და ა.შ.,” – განაცხადა მიხნიკმა.
 

Exit mobile version