პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი პრიორიტეტებზე საუბრობს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, გაპრეზიდენტების შემთხვევაში უფასო განათლებას და უფასო სამედიცინო მომსახურებას, ასევე ”უკანონოდ პრივატიზებული ქონების” უკან დაბრუნებას პირდება ქართველ ხალხს.


ნათელაშვილმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ნიშნად ეს განცხადება 29 ნოემბერს მეტეხის ეკლესიის ეზოში გააკეთა. 


გენერალურმა პროკურატურამ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ ნათელაშვილის წინააღმდეგ ჯაშუშობის და საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, მეორე დღეს ხელისუფლებამ შეამსუბუქა პოზიცია და განაცხადა, რომ ”გამომძიებლებმა გადაწყვიტეს ნათელაშვილი მოწმის სახით დაკითხონ”. მოგვიანებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნათელაშვილს არ დააპატიმრებდნენ და მას შეეძლო მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში.


ლეიბორისტული პარტია ათი ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი კოალიციის წევრი იყო; თუმცა, მას შემდეგ, რაც კოალიციამ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა, ლეიბორისტულმა პარტიამ კოალიცია დატოვა.


ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან განაცხადა, რომ ნათელაშვილის გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგი იყო, რომელიც ცდილობს გახლიჩოს ოპოზიციური კოალიცია.  


”განათლება იქნება მთლიანად უფასო, მკურნალობა, რეანიმაცია, ოპერაცია იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული,”- განაცხადა ნათელაშვილმა 29 ნოემბერს თავის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას, ”უმუშევრობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, დროებით უმუშევრებზე კომპენსაცია გაიცემა, არ იქნება ღარიბი, ღატაკი, მშიერი, ნაგავში მძებნელი ადამიანი ჩვენი ქვეყნის ქუჩებში და ქალაქებში.”


მან ასევე განაცხადა, რომ გაზის, შუქის და წყლის გადასახადები განახევრდება.


”გაუქმდება გადასახადები ტყით სარგებლობაზე, საცხოვრებელი ფართით სარგებლობაზე, მიწათსარგებლობაზე, გლეხს მიეცემა შეღავათიანი კრედიტი, შეიქმნება მანაქანა-ტრაქტორების სადგურები, გაიხსნება სახელმწიფო დამზადების პუნქტები – ყურძნის, ციტრუსის, ხილის, ხორც-პროდუქტების მისაღებად და ამაზე სახელმწიფო აიღებს თავის პასუხისმგებლობას. იქნება დაბალანსებული საინვესტიციო სისტემა, შეღავათიანი საგადასახადო გარემო საშუალო და წვრილი ბიზნესისათვის,” – განაცხადა ნათელაშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ თითოეული ახალშობილისთვის გამოიყოფა 1 000 ლარი.


ნათელაშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეიზღუდება მიგრანტი მუშახელის შემოდინება საქართველოში. ”უკანონო მიგრანტი მუშების თარეში, რომლებიც სოკოებივით მრავლდებიან, შეიზღუდება. ჩვენ თვითონ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, რომ ისინი სხვებს მივცეთ,” – განაცხადა მან.


ნათელაშვილი ასევე დაპირდა ამომრჩევლებს, რომ მეანაბრეებს დაუბრუნდებათ საბჭოთა პერიოდში დაკარგული საბანკო ანაბრები.


მისი თქმით,  ”იქნება გარემოცული ყურადღებით პოლიტიკური პარტიები , ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ინვალიდები, ვეტერანები, ყველა ის საზოგადოებრივი ფოკუს-ჯგუფები, რომელიც ჩვენი საზოგადოების ხერხემალია”.


ნათელაშვილის განცხადებით, მოიხსნება ცენზურა და ყოველგვარი შეზღუდვები მასმედიაზე.

Exit mobile version