ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრებმა გიორგი არველაძემ და დავით ტყეშელაშვილმა მოუწოდეს საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს აქტიურად ჩაერთონ დასაქმების პროგრამაში, რომელიც 5 დეკემბრიდან ამოქმედდება.
არველაძემ განაცხადა, რომ კერძო სექტორმა უკვე წარმოადგინა 20 ათასზე მეტი ვაკანსია დასაქმების პროგრამის უზრუნველსაყოფად, თუმცა ბიზნესმენებს კვალვაც შეუძლიათ დამატებითი ვაკანსიების შეთავაზება ეკონომიკის სამინისტროსთვის.
”კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ ბიზნესსექტორს აქტიურად ჩაერთონ ამ პროგრამის განხორციელებაში, გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში,”- განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
2007-2008 წლების დასაქმების პროგრამა 25-დან 60 წლამდე ასაკის 100 000 ადამიანის სამთვიან პროფესიულ გადამზადებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში თითოეული ადამიანი თვეში 200 ლარს სახელმწიფო სტიპენდიის ფორმით მიიღებს. პროგრამის ასამოქმედებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 3,8 მლნ ლარი, თუმცა მთლიანობაში სახელმწიფო ამ პროგრამაზე 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა სარეგისტრაციო პუნქტები თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ფოთში გაიხსნება.