2007 წლის ბიუჯეტში ცვლილებების კანონის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დამატებით 21,1 მლნ ლარს მიიღებს 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომელიც ბოლო სამი თვის მანძილზე ზედიზედ უკვე მესამედ განიცდის კორექტირებას, მხოლოდ საშემოსავლო ნაწილში იზრდება 3,3 მლნ ლარით.
მისი ხარჯვითი ნაწილი – 5,4 მლრდ ლარი – უცვლელი რჩება, რადგან ბიუჯეტის რამდენიმე მუხლის, მათ შორის საგარეო ვალის მომსახურების ნაწილში დაფინანსების შემცირების ხარჯზე ხდება საარჩევნო ღონისძიებებისათვის დამატებითი თანხების მობილიზება.
თუმცა ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საარჩევნო ღონისძიებები პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან დაფინანსდებოდა, რასაც შესაბამისად, ბიუჯეტში ცვლილების შეტანა აღარ დასჭირდებოდა.
იმავდროულად, პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული ის თანხები, რომელიც მთავრობის განცხადებით, 1 დეკემბრიდან მასწავლებელთა ხელფასების 40 ლარით და პენსიების 17 ლარით ზრდას უნდა მოხმარდეს.
საბიუჯეტო ცვლილებების პარალელურად, დეპუტატებს მოუწევთ 2008 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მსჯელობა, რომელიც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ გადამუშავების მიზნით გაიწვია საკანონმდებლო ორგანოდან.
როგორც მთავრობა აცხადებს, ’სოციალურად ორიენტირებულ’ 2008 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში დაახლოებით ერთ კვირაში წარადგენს დასამტკიცებლად.