ახალმა მემარჯვენეებმა დღეს ოფიციალურად წამოაყენეს პარტიის ლიდერის, დავით გამყრელიძის კანდიდატურა 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
”ის [დავით გამყრელიძე] არ არის ბელადური თვისებების მქონე პოლიტიკოსი, ის გახლავთ დასავლური ტიპის ლიდერი, რომელიც მყარად და ორგანულად დგას ეროვნულ ნიადაგზე და ქრისტიანულ საფუძველზე,” – განაცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან 24 ნოემბერს პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, ” მას არ შეუქმნია ერთი კაცის პარტია; მემარჯვენეთა ერთობა არის გუნდი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით”.
გამყრელიძის წარდგენისას, ჩიხრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ”ჩვენ ყოველთვის ვიყავით სააკაშვილის პრინციპული და თანმიმდევრული ოპოზიცია”.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ირაკლი იაშვილი, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, პრემიერ-მინისტრად იქნება წარდგენილი გამყრელიძის გამარჯვების შემთხვევაში.
პრეზიდენტად გამყრელიძის კანდიდატურას მრეწველები და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც უჭერენ მხარს.