თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სათათბიროს არჩევნების ჩატარებას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო დაიბარეს და პროტესტი გამოხატეს რუსეთის სათათბიროს 2 დეკემბრის არჩევნების საქართველოს  კონფლიქტის ზონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ორგანიზების გამო.


”საქართველოს მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი არჩევნების ორგანიზება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის ქმედებები განხილულ იქნება, როგორც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის შელახვა”, – ნათქვამია 15 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ქართული მხარე ასევე მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა, მათ შორის სამხედრო სფეროში. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა 12 ნოემბერს განაცხადეს, რომ აფხაზეთში რუსეთმა დამატებით 200-მდე სამხედრო მოსამსახურე და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. 

Exit mobile version