პარლამენტმა 150 ხმით ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას, რომელიც პრინციპის დონეზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) პარტიული წესით დაკომპლექტებას და საუბნო კომისიებში პარტიული წარმომადგენლობების გაზრდას ითვალისწინებს.
”ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად ღიად დაგვეტოვებინა ეს საკითხები, რათა ოპოზიციასთან მიმდინარე დიალოგის შედეგები ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესზე კონკრეტული ფორმულების სახით ჩაიწეროს კანონპროექტის მეორე მოსმენის წინ”- განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველების ოპოზიციურმა ფრაქციებმა, რაც მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან შეფასდა, როგორც ”ოპოზიციურ სპექტრთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება”.
თუმცა დეპუტატებს რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიებიდან სხდომაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღიათ. მათ გაცილებით რადიკალური პოზიციები გააჩნიათ და სამივე დონის საარჩევნო ადამინისტრაციების პარიტეტულ დაკომპლექტებას მოითხოვენ, რასაც ხელისუფლება არ თანხმდება, თუმცა კონსულტაციები ამ თემებზე გრძელდება.
იმავდროულად, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მომავალი კვირისათვის სამივე მოსმენით უნდა დაამტკიცოს, რათა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცსკ-ს დაკომპლექტება 25 ნოემბრამდე მოესწროს, როგორც ეს კანონპროეტით არის გათვალისწინებული.
საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია საარჩევნო უბნის შექმნისათვის საჭირო ამომრჩეველთა ზღვარის 2000-დან 1500 ამომრჩევლამდე შემცირება; ასევე პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, მსგავსად პირველი ტურისა, ამომრჩეველთა სავალდებულო გამოცხადების ქვედა ზღვარის -1/3 – გაუქმება; უცხოელ დამკვირვებლებს ეძლევათ უფლება ნებისმიერ უბანზე გადაადგილდნენ არჩევნების მონიტორინგის განხორციელებისას; სამხედრო ნაწილებში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება აგიტაციის უფლება, ხოლო სამხედროებს ექნებათ სურვილისამებრს შესაძლებლობა ხმა მისცენ ან დისლოკაციის ადგილზე ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
იმავდროულად, საარჩევნო სუბიექტებს ეძლევათ შანსი, რომ მხარდამჭერთა სიებში ან საარჩევნო ფონდებში არსებული დარღვევები გამოასწორონ, რათა თავიდან აიცილონ ამ მიზეზებით არჩევნებიდან მოხსნის საფრთხე.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის საგანი რჩება არჩევნების დღეს იმ მოქალაქეების რეგიტრაციის საკითხი, რომლებიც სიებში არ იქნენ შეყვანილები. ამ ე.წ დამატებითი სიების ხელახლა შემოღებას ოპოზიცია ეწინააღმდეგება იმ მოტივით, რომ ეს შეიძლება მრავალჯერ ხმის მიცემის – ”კარუსელების” – წყარო გახდეს.
დღესვე პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვისათვის ერთთვიანი პროცედურის დაწყებას. საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი სიახლეებია: პარლამენტის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მისი რეგიონალური პროპორციული არჩევნების სისტემით შეცვლა, 7%-იანი ბარიერის 5%-მდე შემცირება და პარლამენტის უფლებამოსილების ვადის 4-დან 5 წლამდე გაზრდა.