ახალი ამბები

სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია დაუყადაღა







”იმედი” ინტენსიურად აშუქებდა ცოტა ხნის წინ
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
ფოტო: Civil.Ge/ანანო ასათიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია დაუყადა იმ მოტივით, რომ 7 ნოემბერს თბილისში მომხდარი არეულობის გაშუქებისას ტელეკომპანია ხელისუფლების ჩამოგდების პროპაგანდას ეწეოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის შენობაც დაყადაღებულია.  


როგორც დოკუმენტშია მითითებული, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის ბიძინა ბარათაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებული იყო ”იმედის” ეთერში ბადრი პატარკაციშვილის განცხადებების გახმოვანებით, რომელიც სასამართლო განაჩენის მიხედვით, ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს შეიცავდა.


”თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური შეტყობინება გუშინ ღამე გადმომცეს,” – განუცხადა ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა Civil.Ge-ს 14 ნოემბერს, ”დოკუმენტი 7 ნოემბრითაა დათარიღებული; თუმცა, გამომძიებელმა მითხრა, რომ მან ვერ შეძლო დოკუმენტის უფრო ადრე გადმოცემა არეულობის გამო”.


”ჩვენ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ,” – განაცხადა ბიძინა ბარათაშვილმა, ”ეს საკითხი უკვე დავაყენეთ მეთიუ ბრაიზასთან [აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში] დღევანდელ შეხვედრაზე”.


ტელეკომპანია ”იმედი” 7 ნოემბერს დახურეს პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფის მიერ ტელევიზიის დარბევის შემდეგ. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედი” – რომლის თანამფლობელები ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და News Corporation არიან – შეთქმულების ორგანიზატორთა პროპაგანდისტულ ნაწილს წარმოადგენდა. შეთქმულებას ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა და რუსული დაზვერვა უჭერდა მხარს. ხელისუფლების განცხადებით, თავისი საინფორმაციო გადაცემებით ტელეკომპანია ”იმედი” დაძაბულობის გაღვივებას უწყობდა ხელს.


იმავდროულად, მეთიუ ბრაიზამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას აღადგინოს ყველა ტელეკომპანიის, მათ შორის ”იმედის” და ”კავკასიის”  მაუწყებლობა. ბოლო ორ დღეში თბილისში გამართულ მეორე პრესკონფერენციაზე14 ნოემბერს ბრაიზამ განაცხადა: ”პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილება, რომ იმედმა განაახლოს მაუწყებლობა და სწორედ ესაა, რაზეც ახლა ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ”.


ბრაიზას ”იმედთან” დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე პრესკონფერენციის მსვლელობისას აცნობეს, რადგანაც ბრიფინგი პრესისთვის მისი და ბიძინა ბარათაშვილის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.


”არ მინდა, რომ ძალიან დიდი მოლოდინები მქონდეს [იმედის მაუწყებლობის სწრაფი აღდგენის თაობაზე], მაგრამ ვგრძნობ რაღაც მოქმედებებს, რომელიც ყინულს დაადნობს,” – განაცხადა მან.


შემდეგ მან წინა დღეს დაწყებული საუბარი განაგრძო და პროფესიონალური ჟურნალისტიკის საჭიროებაზე ისაუბრა.


”იმისათვის, რომ ეს მოხდეს [ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენა], ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ხელისუფლებასთან, იმედის ხელმძღვანელობასთან და ოპოზიციასთან, რათა ვუზრუნველყოთ, რომ მაუწყებლობა ამ ქვეყანაში იქნება ობიექტური და ყველა პოლიტიკური შეხედულების, მათ შორის ხელისუფლების და ოპოზიციის შეხედულებების ამსახველი,” – განაცხადა ბრაიზამ, ”ქართულ საზოგადოებაში არსებობს შეგრძნება, რომ ტელეკომპანია ძალიან სუბიექტურია, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ადგილი გიკავია პოლიტიკურ სისტემაში; შეიძლება იფიქრო, რომ ”რუსთავი 2” ძალიან მიკერძოებულია ხელისუფლების სასარგებლოდ… ან შეიძლება იფიქრო, რომ იმედი ზედმეტად წინააღმდეგია ხელისუფლების, ან, როგორც ხელისუფლებამ თქვა, ხალხს ძალადობისკენ უბიძგებს”.


მან ასევე განაცხადა, რომ ის ზარალი, რომელიც ტელეკომპანია ”იმედს” 7 ნოემბრის დარბევის შედეგად მიაყენეს, უნდა ანაზღაურდეს. ”და რამდენიმე ადამიანმა ხელისუფლებაში მითხრა, რომ ამას იზიარებს,” – დასძინა ბრაიზამ.


ტელეკომპანია ”იმედის” დახურვა რიგგარეშე არჩევნების წინ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციტიავით 5 იანვარს ჩატარდება, დიდი დარტყმა იქნება ოპოზიციის კანდიდატებისთვის.


”სავარაუდოდ, 15 ნოემბერს გაიმართება მოლაპარაკებები პარლამენტის თავმჯდომარესთან და ტელეკომპანია ”იმედი” ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება,” – განუცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორებიდან Civil.Ge-ს 14 ნოემბერს.


რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერ კიდევ ერთ ტელეკომპანიას ”კავკასია”, მის გარშემო არსებული სიტუაცია კვლავ გაურკვეველია.


”ჩვენ მზად ვართ, რომ განვაახლოთ მაუწყებლობა, მაგრამ სატელევიზიო ანძაზე მითხრეს, რომ ისინი ბრძანებას ელოდებიან ჩვენი ტელევიზიის სიგნალის განახლებისთვის,” – განუცხადა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა და წამყვანმა დავით აქუბარდიამ Civil.Ge-ს 14 ნოემბერს, ”თუმცა, გაურკვეველია, ვისგან ელოდებიან ამ ბრძანებას. არავინ არ აგვიხსნა, რატომ შეწყდა ჩვენი მაუწყებლობა”.



 


 

მსგავსი/Related

Back to top button