საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ დაადასტურა ვაშინგტონის ”მტკიცე მხარდაჭერა” საქართველოს ნატოში მისწრაფების მიმართ.
საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების და ორი კერძო ტელეკომპანიის – იმედისა და კავკასიის – მაუწყებლობის შეწყვეტის თაობაზე. ნატოს უარყოფითმა რეაქციამ კი კითხვის ნიშნები გააჩინა თბილისის მოლოდის ირგვლივ ბუქარესტში აპრილში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით.
”ზოგიერთ ჩვენ მოკავშირეს [ნატოში] აინტერესებს, ნიშნავს თუ არა ის მოვლენები, რომლებიც ახლა ირკვევა [საქართველოში], რომ საქართველომ საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინა წევრობის სამოქმედო გეგმისთვის,” – განაცხადა ბრაიზამ, ”ჩვენ ამ აზრს არ ვიზიარებთ… თუ მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა და თუ ქვეყანა მოემზადება არჩევნებისთვის და თუ ეს არჩევნები ისეთი თავისუფალი და სამართლიანი იქნება, როგორც ჩვენ მოველით, რატომ უნდა გაჩნდეს შეკითხვები?”
მან მოუწოდა საქართველოს ხელმძღვანელობას მოხსნას საგანგებო მდგომარეობა და აღადგინოს ყველა ტელეკომპანიის მაუწყებლობა.
”ეს ნაბიჯები აუცილებელია, რათა აღდგეს ყველას რწმენა დემოკრატიულ პროცესებისადმი,” – განაცხადა მან, ”თუ საქართველოს დემოკრატიული სისტემა აღდგება და კვლავ წინ წავა, აღმოჩნდება, რომ საქართველო ისევ იმ გზაზე დგას, რომელიც ნატოს წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების განხორციელებას ითვალისწინებს”.
იმისათვის, რომ გაექარწყლებინა სკეპტიკოსების წუხილები საქართველოს დემოკრატიულობის თაობაზე, ბრაიზამ აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო დროინდელი დაძაბულობა, რადიკალური, თუმცა საჭირო რეფორმების ”თანმდევი პროდუქტია”.
”ჩვენ ათ წელიწადზე მეტს მოვანდომეთ, რათა ჩვენი ენერგიის და ემოციების ნაწილი საქართველოს დემოკრატიის წარმატებისთვის მიგვეძღვნა,” – განაცხადა მან, ”და უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, ის, რაც აქ ბოლო ოთხი წლის მანძილზე მოხდა, პოზიტიურია – ეს აღსანიშნავია და ეს მხოლოდ ისტორიის დასაწყისია”.
თუმცა, მან ასევე განაცხადა: ”დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დაბრუნდება თავის კალაპოტში”.
ბრაიზამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაუყოვნებლივი რეაქცია საქართველოში განვითარებული მოვლენებისადმი იმის მანიშნებელი იყო, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოსადმი არ იყო ”უპირობო” და რომ აშშ-ს ადმინისტრაცია შეშფოთებულია, რომ დემოკრატიის ”შუქურა არ ბრწყინავდა ისე, როგორც უნდა ებრწყინა” – ეს მინიშნება მან აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გამონათქვამზე გააკეთა. 2005 წელს თბილისში ვიზიტის დროს ბუშმა საქართველოს დემოკრატიის შუქურა უწოდა.
პროფესიონალური ჟურნალისტიკის საჭიროება
ტელეკომპანიების მაუწყებლობის აღდგენის საჭიროებაზე საუბრისას მეთიუ ბრაიზამ ყურადღება გაამახვილა ”პროფესიონალური ჟურნალისტიკის” სტანდარტების აუცილებლობაზე.
”მე მესმის, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად, ნამდვილად შეაშფოთა იმან, თუ რა გადიოდა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში მაშინ [საპროტესტო აქციების დროს], რაც უბიძგებდა ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ,” – განაცხადა ბრაიზამ, თუმცა იმისთვის, რომ ნეიტრალური პოზიცია შეენარჩუნებინა, მაშინვე დასძინა: ”მე არ ვამბობ, რომ ამას ”იმედი” აკეთებდა… მე ზუსტად არ ვიცი, რას ამბობდა ის. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მე ვიცი, რომ ხელისუფლება შიშობს და სჯერა, რომ სწორედ ეს ხდებოდა”.
ტელეკომპანია ”იმედი” 7 ნოემბერს დახურეს პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფის მიერ ტელევიზიის დარბევის შემდეგ. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედი” – რომლის თანამფლობელები ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და News Corporation არიან – შეთქმულების ორგანიზატორთა პროპაგანდისტულ ნაწილს წარმოადგენდა. შეთქმულებას ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა და რუსული დაზვერვა უჭერდა მხარს. ხელისუფლების განცხადებით, თავისი საინფორმაციო გადაცემებით ტელეკომპანია ”იმედი” დაძაბულობის გაღვივებას უწყობდა ხელს.
ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ მისი განცხადებების არასწორად ინტერპრეტაცია ხდებოდა ”იმედის” და ”რუსთავი 2”-ის მიერ.
”შეიძლება იმიტომ, რომ გარკვევით არ ვლაპარაკობ, შეიძლება თარგმნის პრობლემები არსებობს, მაგრამ ზოგჯერ არსებობს რედაქტორთა მხრიდან მანიპულირების სურვილი,” – განაცხადა მან, ”ამრიგად, როდესაც ”იმედი” განაახლებს მუშაობას, როდესაც აღდგება ”კავკასია”, როდესაც აღდგება ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებები, ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალისტიკა სავსებით პროფესიონალური გახდება… და არ იქნება მოწოდებები არაკონსტიტუციური ნაბიჯებისკენ; ამის სანაცვლოდ იქნება პოლიტიკური შეხედულებების მრავალფეროვნება, რაც არსებული ხელისუფლების კრიტიკისკენ იქნება მიმართული”.