მთაწმინდის პარკის ოპერატორი კომპანია, შპს ”ლინქსი”, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია, გააპროტესტებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას კომპანიასთან 49-წლიანი იჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ახვლედიანმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ კომპანიამ ”მრავალჯერ დაარღვია” კონტრაქტის პირობები და ასევე დააგვიანა საიჯარო გადასახადის გადახდა. მან ასევე განაცხადა, რომ ”ის მინიმალური თანხები”, რომელიც ამ დრომდე დაიხარჯა მთაწმინდის პარკის ასაშენებლად, ანაზღაურებული იქნება.
”ლინქსი” კატეგორიულად უარყოფს თბილისის მერიის განცხადებებს და მათ ”უსაფუძვლოს” უწოდებს. პრეს-რელიზში 12 ნოემბერს Salford Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი რუხაძემ გაავრცელა. Salford Georgia მენეჯმენტს უწევს პატარკაციშვილის ბიზნეს ინტერესებს საქართველოში.
”კომპანია დაჟინებით უარყოფს მტკიცებას, რომ დღევანდელ დღემდე მხოლოდ ”მცირე” ინვესტიციები იყო გაკეთებული და პარკს დასრულებამდე კიდევ ბევრი აკლდა,” – ნათქვამია პრეს-რელიზში, ”მიუხედავად იმისა, რომ არენდის შეთანხმება კომპანიასა და მთავრობას შორის ითვალისწინებდა 5 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას, სინამდვილეში კომპანიამ დღემდე განახორციელა თითქმის 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია და გეგმავს დამატებით ინვესტიციებს უახლოეს მომავალში. კომპანიამ სახელმწიფოს პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გადაუხადა 5 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ როგორც დამატებითი ღირებულების გადასახადი”.
განახლებული მთაწმინდის პარკი სექტემბერში გაიხსნა და როგორც ”ლინქსი” აცხადებს, უკვე 80 000 ვიზიტორს უმასპინძლა 7 ნოემბრამდე. პარკი სწორედ 7 ნოემბერს დაიხურა, როდესაც, ”ლინქსის” თქმით, ”ნიღბიანი სამხედრო შენაერთები” შეიჭრნენ და პარკის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს.
”მოძალადეებმა პარკის მთელ მომსახურე პერსონალს უბრძანეს დაეტოვებინათ პარკის ტერიტორია, რასაც მოჰყვა ნიღბიანი სამხედრო შენაერთების შესვლა შენობებში, რათა ძალით გამოეყარათ პარკის თანამშრომლები,”- ნათქვამია პრეს-რელიზში.
”ლინქსის” ცნობით, თბილისის მერიამ სასამართლოს გვერდის ავლით მიიღო გადაწყვეტილება საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
”კომპანიამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები და კვლავაც გააგრძელებს თავისი უფლებების დაცვას იმ კონტრაქტის მიხედვით, რომელიც მან დადო მთავრობასთან. კომპანია ასევე შეეცდება დაიცვას პარკის მრავალი მილიონი დოლარის ღირებულების ქონება, რომელსაც პარკში შემოჭრის შემდეგ კომპანია ვეღარ აკონტროლებს,”- ნათქვამია პრეს-რელიზში.
This post is also available in: English