საგანგებო მდგომარეობის მოხსნა დიალოგისთვისაა საჭირო – ოპოზიცია

ოპოზიციის ლიდერებმა უარი თქვეს ხელისუფლებასთან დიალოგში მონაწილეობაზე, სანამ არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და ორი ტელეკომპანიის მუშაობა არ აღდგება.


”ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ დავიწყოთ საარჩევნო კოდექსის განხილვა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ტერორის ფონზე,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან 9 ნოემბერს.


ტელეკომპანიები ”იმედი” და ”კავკასია” კვლავ დახურულია, მაშინ როცა სხვა კერძო ტელევიზიებს საინფორმაციო გადაცემების გაშვება აკრძალული აქვთ. მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს საინფორმაციო მაუწყებლობას. შეზღუდვები არ ეხება ბეჭდურ ან ინტერნეტ გამოცემებს.


თუმცა, ოპოზიციის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან დაუყოვნებლივ შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, საპატრიარქოში. თუმცა, ამ შეხვედრას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ვიდრე პრაქტიკული.


ოპოზიციის ლიდერებმა ეს განცხადებები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. ეს უკანასკნელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლს თამაშობს. შეხვედრას არ ესწრებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მას ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში დასდეს ბრალი და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია. გავრცელებული ხმებით, ის უკვე გაემგზავრა რუსეთში, სამხრეთ ოსეთის გავლით.


ილია II-მ ცალკე შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნინო ბურჯანაძესთან.


”იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ მართლაც გავაგრძელებთ დიალოგს [ოპოზიციასთან], რომელიც არსებობდა და მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის არის სწორი,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ. 


”ორივე მხარეს აქვს დიდი სურვილი განიმუხტოს სიტუაცია, ფაქტიურად უკვე ამისკენ მივდივართ… იმედია, რომ ეს დიალოგი შედგება და მივიღებთ კარგ შედეგებს,” –  განაცხადა ილია II-მ შეხვედრების შემდეგ, ”მე მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება [არჩევნებთან და პლებისციტთან დაკავშირებით] ბრძნულია, ძალიან დროულია. ფაქტიურად, პრეზიდენტმა გააკეთა ყველაფერი, რომ განიმუხტოს ეს სიტუაცია”.


საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პირველი ნიშნები გაჩნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ინიციატივით გამოვიდა და პირობა დადო, რომ ”რამდენიმე დღეში” საგანგებო მდგომარეობას მოხსნიდა.


9 ნოემბრის დილას რუსთაველის გამზირიდან და მისი მიმდებარე ქუჩებიდან სპეცრაზმის და სამხედროების გაყვანა დაიწყო.


თუმცა, 9 ნოემბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ დღეს პარლამენტი სავარაუდოდ, დაამტკიცებს პრეზიდენტის დეკრეტს 7 ნოემბრიდან საქართველოში 15 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე. თუმცა, იყო ვარაუდები, რომ პარლამენტი აღარ აპირებდა დეკრეტის დამტკიცებას სააკაშვილის 8 ნოემბრის განცხადების შემდეგ.


”როგორც ჩანს, ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და 15 დღე საქართველოში იქნება საგანგებო მდგომარეობა,”- განუცხადა მიხეილ მაჭავარიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”როგორც კი არჩევნების თარიღი დაინიშნება, ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება შემოღებული”.


საგანგებო მდგომარეობა 7 ნოემბერს 23:30 საათზე იქნა შემოღებული, როდესაც პრეზიდენტმა შესაბამის დეკრეტს ხელი მოაწერა და რომლითაც ქვეყანაში შეიზღუდა ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება, დემონსტრაციები და გაფიცვები.


პარლამენტის მიერ დეკრეტის დამტკიცების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა 22 ნოემბრამდე იმოქმედებს;


კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების ჩატარება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ არის შესაძლებელი. იმავდროულად, პრეზიდენტს კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას საგანგებო მდგომარეობა ვადამდე შეწყვიტოს – ანუ ნებისმიერ დროს 22 ნოემბრამდე;


22 ნოემბერი არის ასევე ის სავარაუდო თარიღი, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს, 45 დღით ადრე იმ თარიღიდან – 5 იანვრიდან, რომელიც მან რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დღედ დაასახელა. 

მიუხედავად იმისა, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა, მისი თარიღი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.


კანონმდებლობით, პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს განსაზღვრავს პარლამენტი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 72 საათის განმავლობაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.


რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, საარჩევნო კოდექსის თანახმად, მათი წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა უნდა მოხდეს. შესაბამისად, თუ არჩევნები 5 იანვარს დაინიშნება, როგორც ეს პრეზიდენტმა გამოაცხადა, საპრეზიდენტო მარათონში მონაწილე კანდიდატების ვინაობა 27 ნოემბრამდე უნდა გაირკვეს.



 


 

Exit mobile version