თბილისი მოსკოვის ”ბრალდებებს” პასუხობს

რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების საკითხების გამო საქართველოს კრიტიკა უადგილოა, თუ გავითვალისწინებთ ადამიანის უფლებების და სხვა დემოკრატიული თავისუფლებების მხრივ არსებულ სავალალო მდგომარეობას ამ ქვეყანაში, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ეს პასუხია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მიხეილ კამინინის განცხადებაზე, რომელმაც 8 ნოემბერს შეშფოთება გამოთქვა თბილისში მომხდარი არეულობების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ მოუწოდა.


”უმჯობესი იქნება, თუ ამ კუთხით რუსეთში უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ არა მეზობელ სახელმწიფოებს, არამედ საკუთარ მდგომარეობას,”- აცხადებს ოფიციალური თბილისი.


იმავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ცალკე განცხადებაში უარყოფს მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების განცხადებებს, თითქოს საქართველო კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარებისთვის ემზადება.


”კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ამგვარი ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული საკმაოდ რთული სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას,”- აცხადებს ბეჟუაშვილი, ”საქართველო იყო, არის და იქნება მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების საბოლოო და დროული მოგვარების ერთგული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გზით”.


იმავდროულად, 8 ნოემბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გელა ბეჟუაშვილმა სატელეფონო საუბრები გამართა ფრანგ კოლეგასთან ბერნარ კუშნერთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ბილდთთან და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებთან.


სამინისტროში ასევე გაიმართა შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ  დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგნიზაციების წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან.

Exit mobile version