Placeholder canvas
ახალი ამბები

ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა მოულოდნელად შეწყდა

ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანებმა განაცხადეს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელეკომპანიის შენობაში შეიჭრა.


წამყვანმა სოფო მოსიძემ აღნიშნა, რომ ის ყოველ წუთში ელოდება სამართალდამცავების გამოჩენას და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხოების ზომები მოითხოვა.


ამის შემდეგ ტელეკომპანიის მაუწყებლობა მოულოდნელად შეწყდა.

”ეს იყო ერთადერთი ფანჯარა, რომლითაც საქართველო უყურებდა სიმართლეს. ეს იყო ერთადერთი ფანჯარა, რომლითაც ალტერნატიული აზრი ისმოდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ,”- განაცხადა სტუდიაში გამოსვლისას გიორგი თარგამაძემ, ”იმედის” საინფორმაციოს უფროსმა. 

ეს ჩანაწერი, რომელიც ”რუსთავი 2”-მა გადასცა, მთავრდება კადრით, როცა სტუდიაში შუქი გამოირთო და ისმის თარგამაძის სიტყვები: ”სტუმრები მოვიდნენ. დროებით გემშვიდობებით, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება”.

ტელეკომპანიის დამფუძნებელია ბიზნესმენი პადრი პატარკაციშვილი, რომელსაც ხელისუფლება ანტისახელისუფლებო ქმედებებში ადანაშაულებს.


თუმცა მან 31 ოქტომბერს ”იმედში” საკუთარი წილი ერთი წლის მართვის უფლებით გადასცა ჰოლდინგის მეორე თანამფლობელს რუპერტ მერდოკის News Corporation-ს. 

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ ”იმედთან” დაკავშირებით განცხადებას გენერალური პროკურატურა გააკეთებს. მან თავად თავი აარიდან კომენტარის გაკეთებას.

”მრეწველთა” ლიდერმა გოგი თოფაძემ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებებს მართავდა, მიუღებელი უწოდა ტელეკომპანია ”იმედში” შეჭრას.


მისი თქმით, ბურჯანაძისთვისაც მოულოდნელი იყო ამ ამბის გაგება.


”პრაქტიკულად ამან ჩაშალა დიალოგი,”- განუცხადა თოფაძემ შეხვედრის შემდეგ.  


 


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button