ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დაგმო დღეს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეების ძალისმიერად დაშლის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია დაუშვებელია.
”ამ ქმედებით ხელისუფლებამ, რომელიც კარგავს ლეგიტიმურობას, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ქვეყანა,”- განაცხადა გამყრელიძემ.
მისი შეფასებით, მომიტინგეთა მხრიდან არც ძალადობის და არც შეჭრის მცდელობა არ ყოფილა და ამდენად, გაუმართლებელია სამართალდამცავთა ქმედებები.
”გზა გადაკეტილი იყო მთელი ამ დღეების განმავლობაში და ამაზე პრობლემა არ ჰქონდა ხელისუფლებას,”- აღნიშნა მან იმ განცხადების საპასუხოდ, რომ სამართალდამცავებმა ძალა სამანქანო გზის გაწმენდის მიზნით გამოიყენეს.
გამყრელიძის თქმით, შექმნილ ვითარებაში უნდა იქნეს გათვალისწინებული კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდება დიალოგთან დაკავშირებით.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ უერთდება გაერთიანებულ ოპოზიციას, ისევე როგორც აქამდე იყვნენ ახალი მემარჯვენები გამიჯნულნი საპროტესტო აქციებისაგან.