პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუ – სრული ტექსტი

ინტერვიუ პრეზიდენტ სააკაშვილთან, რომელიც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” წამყვანმა დავით აფრასიძემ ჩაიწერა და 4 ოქტომბერს საღამოს თითქმის ყველა ქართული ტელევიზიით გადაიცა.


ნოემბრის მოვლენები საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ რადგან საზოგადოებისთვის საშინაო პოლიტიკა უფრო ახლოა, მოდით, საშინაო პოლიტიკით დავიწყოთ. როგორ შეაფასებთ თქვენ იმ პროცესებს, რაც დღეს თბილისში, საქართველოში ვითარდება



დავიწყოთ იქიდან, რომ დემოკრატიის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია, იმ დემოკრატიის, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვიბრძოდით და რომელსაც ჩვენ აქტიურად ვაშენებთ ბოლო წლების განმავლობაში, ამ დემოკრატიის აქტიური ნაწილია ადამიანების მიერ, ყველანაირი პოლიტიკური ძალების მიერ, ყველანაირი ფერის, ყველანაირი ინდივიდუალური მოქალაქეების მიერ, ყველანაირი ინტერესების გამომხატველების მიერ თავიანთი კმაყოფილების ან განსაკუთრებით, უკმაყოფილების გამოხატვა, როცა ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიან კანონის ფარგლებში და იმ ფარგლებში, რომელიც შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებას.


ამიტომ ბუნებრივია, როდესაც ადამიანები, აწყობენ ქუჩის აქციებს, როდესაც გამოხატავენ პროტესტს ეს არის მათი, არა მხოლოდ კონსტიტუციური უფლება, ეს არის სრულიად ჯანსაღი ნორმალური დემოკრატიული ორგანიზმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.


მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მე ყურადღებით ვუსმენ ყველაფერს, რასაც ადამიანები ამბობენ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტიც, ეს არის პრეზიდენტი მთელი ქვეყნისათვის, ეს არის ხელისუფლება მთელი ქვეყნის, მიუხედავად ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებისა.


ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ყველა ცალკე აღებული ადამიანის წინაშე, ყველა ცალკე აღებული თუნდაც პოლიტიკური პარტიის წინაშე და ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ერთად ვიზიარებთ აი ამ ხალხთან ერთად ერთად პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავლის წინაშე. ამიტომ თავისთავად ეს ნორმალურია.


მეორე საკითხია პოლიტიკური ძალების ერთი ნაწილი, რომელიც ყველაფერ ამაში მონაწილეობს ან გეგმავს რა ტექნოლოგიებით მოქმედებს. რა მიზნები აქვს და რა არის საბოლოო ამოცანა მათ წინაშე დასმული. ალბათ მიზეზებიც რამ გამოიწვია ეს ყველაფერი.


მიზეზებზეც ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, და ეს არის ვრცელი თემა, მაგრამ ვთქვათ ჯერ რა არის ტექნოლოგიები. ტექნოლოგიები არის ის, მე ვფიქრობ, ძალიან კონკრეტული, როდესაც საუბარი არის, რომ პრაქტიკულად ჯერ წამოვიდა შეტევა საქართველოს პრეზიდენტზე და ხელისუფლებაზე. ჩაირთო ნამდვილი სიცრუის ფაბრიკა. ზუსტად ისე და იმავე ხალხის მიერ გაკეთებული, ზუსტად იგივე  ხალხის, ვინც ამას აკეთებდა რუსეთში, რუსული ტექნოლოგიებით 90-იან წლებში, ბორის ელცინის სუსტი და კორუმპირებული ხელისუფლების დროს.


ზუსტად ისეთივე ხალხი ჩამოვიდა, ააწყო ზუსტად ისეთივე ინფრასტრუქტურა საქართველოში პრეზიდენტ შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლების დროს. მე მინდა ვთქვა არა ბოლო წლებში, ეს მანქანა დაგვხვდა ჩვენ აწყობილი და ახლა ეს მანქანა ჩაირთო მთელი ძალით, თავისი სიცრუით.


ტექნოლოგია ძალიან მარტივად მუშაობს – უნდა ბევრი, ბევრი ტყუილი ილაპარაკონ, ბევრი-ბევრი ტალახი შეაყარონ ადამიანს, ხშირად გაიმეორონ, რაც უფრო ჯოჯოხეთური ტყუილია, მით უფრო მეტად ხშირად უნდა გაიმეორონ, რაც უფრო დიდი ტყუილია, მით უფრო მეტად აქვთ იმედი, რაღაც ნაწილი საზოგადოების დაიჯერებს და ამითი მოსუსტებული ორგანიზმი, დააავადო ორგანიზმი საზოგადოების და შემდეგ ადვილი ჩასაგდებია და  ადვილად გავლენა მოსაქცევი ასეთი ორგანიზმი ნებისმიერი საზოგადოებისა. აი ეს არის ტექნოლოგია, რომელიც პირველ ეტაპზე ამოქმედდა.


შემდეგ ხდება იმიტაცია ვარდების რევოლუციის, რაღაც ძალიან უნიჭო, მაგრამ აშკარად ერთი ერთზე აღებული იმიტაცია ვარდების რევოლუციის.


ახლა მინდა ვთქვა, რომ ეს არანაირ კრიტიკას არ უძლებს. ვარდების რევოლუცია იყო არა მხოლოდ ბოლო წლების ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს იყო ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული მოვლენა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ეს აღიარა მთელმა მსოფლიომ ბევრი ფაქტორის გამო. ვარდების რევოლუციამ საქართველო უიმედოდ განწირული ქვეყანა, საქართველო, რომელზეც ხელი ჰქონდა ყველას ჩაქნეული, მათ შორის ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილსაც, ალბათ საქართველო, სადაც იყო სრული უიმედობა, საქართველო, რომელიც ითვლებოდა განუვითარებლობის, კორუმპირებულობის, აბსოლუტური დეზორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ ეტალონად მსოფლიოში  – ეს საქართველო ვარდების რევოლუციის შედეგად ჩვენ ყველამ ერთად გადავაქციეთ აბსოლუტურად ახალ ქვეყანად, სანიმუშოდ განვითარების ტემპების და იმ მიღწევების თვალსაზრისით, რომელიც ჩვენ გვაქვს.


მოტივაცია ყველანაირი ამ აქციების და ყველანაირი მცდელობის არის ძალიან კონკრეტული, რომ შეიქმნას განცდა და შეიქმნას ვირტუალური რეალობა იმისა, რომ საქართველო ირყევა, საქართველო დასუსტდა, რომ მთავრობას წყალი შეუდგა, როგორც მათ უნდათ რომ ეს წარმოადგინონ – საქართველო არის შერყეული და დასუსტებული.


არ არის შემთხვევითი და ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ მთელი ამ მიტინგების განმავლობაში პირდაპირ ეთერში რუსეთის ტელევიზია, 140 მილიონიანი ქვეყნის ტელევიზია, თითქოს მეტი არაფერი არ ხდება არსად მსოფლიოში, პირდაპირ ეთერში აჩვენებს ამ მიტინგებს, რომელიც ხდება თბილისში.


დავფიქრდეთ, რატომ ხდება ეს. იმიტომ, რომ საქართველო მათთვის მარტო თბილისი და აქ ჩვენი პოლიტიკური რეალობა კი არ არის, საქართველო არის სიმბოლო სხვა ტიპის დემოკრატიული განვითარების, რომელიც შეიძლება მოხდეს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მიუხედავად იმპერიის მუქარებისა, მიუხედავად იმპერიის მიერ ნებისმიერი ხერხების გამოყენებისა.


მე მინდა ვთქვა, რომ მე არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი ვარ და ჩვენ ხშირად გვავიწყდება რა გარემოში ვმოქმედებთ,  მე ვარ მეამბოხე ერის პრეზიდენტი. მე ვარ იმ ერის პრეზიდენტი, რომელმაც მთელი მსოფლიოს დასანახად ყველას უთხრა: რაც არ უნდა მოგვაწვნენ, რაც არ უნდა დაგვაშანტაჟონ, რაც არ უნდა ემბარგო გამოგვიცხადონ, რაც არ უნდა სასუნთქი არხები გადაგვიკეტონ, ჩვენ მაინც ჩვენსას გავიტანთ, მივალთ ბოლომდე და გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, მიუხედავად ძალიან დიდი ძალების, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება.


ბუნებრივია, როდესაც ასეთ გამოწვევას გესვრიან და ჩვენც ვესროლეთ ჩვენი გამოწვევა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ არა, რომ ვიღაცას კრიჭაში ჩავუდგეთ – ეს არ არის ჩვენი ფუნქცია და მთელი მსოფლიო პრობლემები ჩვენ ზურგზე ავიკიდოთ, ნამდვილად არა, მაგრამ მათ ჩათვალეს ეს გამოწვევად. მათ ჩათვალეს, რომ მათთვის ეს არის სასიკვდილო საფრთხე და სასიკვდილო პრობლემა და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძირშივე ჩაკვდეს და ეს ამბოხი არსად მეტი აღარავინ აღარ გაიმეოროს.


ამიტომ არის რომ ამ ჩვენ მიტინგებს ქართველებისთვის კი არ აჩვენებენ და რუსებისთვის კი არ აჩვენებენ, ამ ჩვენ მიტინგებს აჩვენებენ უკრაინელებისთვის, უზბეკებისთვის, ბელორუსებისთვის, ყაზახებისთვის, სომხებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის. ესეც თქვენი საქართველო, ხომ გეგონათ რომ მაგარი ქვეყანაა, ხომ გეგონათ რომ ძალიან წარმატებულია, ხომ გეგონათ რომ თავზე გადაგვახტნენ ჩვენ და სადმე სამშვიდობოს გააღწევს. ნურას უკაცრავად – აი შეხედეთ რა დღეში არიან, აი შეხედეთ როგორი არეულობა და უბედურება აქვთ ქვეყნის შიგნით.


აი ეს არის სრულიად კონკრეტული გეგმა და ამის არ დანახვა არ შეიძლება. რეალობაა ეს, რომელსაც თუ ადამიანს თვალები აქვს და ყურები აქვთ, პირდაპირ დაინახავს ამას და აუცილებლად მოისმენს.


რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი რომ მქონოდა ამ წლების განმავლობაში ჯადოსნური ჯოხი, თავიდანვე ამექნია და ჩამომექნია და მთელი ქვეყანა უცებ გადაქცეულიყო ჰონგ-კონგად, სინგაპურად ან ჰოლანდიის რომელიმე განვითარებული რეგიონივით გვეცხოვრა. მაგრამ ეს არ მომხდარა არსად და არ მოხდება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, საქართველოში.


მაგრამ მოდით ვთქვათ საიდან მოვდივართ ჩვენ და სად მივდივართ. სულ მახსენდება პატრიარქის მიერ გამოთქმული ციტატა, რომელსაც ჩვენ მეგობრებთან ერთად ვციტირებთ ხოლმე, როდესაც ის ლაპარაკობდა სამების ტაძრის აშენებაზე. ის ამბობდა, რომ სანამ საძირკვლიდან ამოვიდა ეს ტაძარი, ორ წელიწადზე მეტი გავიდა და ის ორი წელი ყველას ჰქონდა უიმედობის განცდა: როდის რა დაიწყება, როდის ამოვა, როდის გაკეთდება და მერე ამოვიდა ერთბაშად მთელი ბრწყინვალებით, რომელიც აქვს ამ მართლაც გრანდიოზულ ტაძარს.


საქართველოში დღეს შენდება უამრავი შენობები, რომელზეც ასე ყოველდღე დავდივარ მანქანებით, გადმოვდივარ და ვუყურებ: აბა ამოვიდა თუ არა –  თბილისის სხვადასხვა ადგილებში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში,   ყვარელში, ზუგდიდში, ოზურგეთში, სადაც მინდა, რომ ეს ყველაფერი ჩქარა გავაკეთო და ჩქარა ამოვიდეს.


მაგრამ ამ ყველაფერს აქვს უფრო ფართო, უფრო განმაზოგადებელი მნიშვნელობა. საქართველოს სახელმწიფო შენდება სწრაფი ტემპებით, ჩვენ ნულიდან კი არ დავიწყეთ, ჩვენ დავიწყეთ მიწისქვეშეთიდან. ჩვენ ვიყავით ჩავარდნილი დიდ უფსკრულში   – იქიდან ამოსასვლელად დრო, ენერგია და რაც მთავარია, ძალიან დიდი რწმენა გვქონდა, რომ ჩვენ ყველანი იქიდან ამოვძვრებოდით.


თქვენ ახსენეთ, რომ საძირკვლის ამოყვანას ძალიან დიდი დრო უნდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რეფორმებს თავისი სოციალური ფასი აქვს. მაგრამ რა აწუხებს დღეს მოსახლეობას. თქვენ კარგად იცით, რომ არის უამრავი პრობლემა  – ფასების ზრდა, სოციალური პრობლემები. როდის იგრძნობს ხალხი იმას, რომ ეს  შენობა ამოყვანილია და ამ შენობაში მათაც შეუძლიათ ცხოვრება?


ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები თითოეული ადამიანისთვის საქართველოში. ეს არის პრობლემა უმუშევრობის.


300 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა ბოლო 15 წლის განმავლობაში მარტო წარმოებაში. მე რამდენიმე დღის წინ გავხსენი ახალი სამშენებლო ქარხანა, სადაც არის 2 ათასამდე ადამიანი დასაქმებული.


ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსთავში რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდა იმ სამრეწველო გიგანტებში, რომელსაც ახლა მთელი მოცულობით ვაღდგენთ და მომავალ წელს ამ პროცესს ვასრულებთ. ზესტაფონის ფერო ამუშავდა არა მხოლოდ 100%-ით, იმაზე უფრო მეტი მოცულობით, ვიდრე მუშაობდა საბჭოთა დროს. ჭიათურაში და ტყიბულში, რომელიც იყო ჩემი ორი დიდი ტკივილი, ნახევარზე მეტი შახტების [მაღაროების] უკვე ამუშავდა. ტყიბულში, როცა მოვედით, იყო ჩაძირული შახტები და იმედიც არ იყო მათი ამუშავების და გაწმენდის და ჭიათურაში ეს იყო რაღაც კოოპერატივები, რომლებიც რაღაცას ციცქნიდნენ გორაკებიდან, მაგრამ ეს შახტები, მაღაროები ამუშავდა.


ჩვენ შევქმენით ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მარტო წარმოებაში… ამას წინათ მარნეულში ვიყავი სუპერ კლასის გადამამუშავებელი საწარმო  – აი მარტო ამ საწარმოებში ჩვენ შევქმენით რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი.


საკმარისია? რა თქმა უნდა, არა. ეს არის იმის 15%-ზე ნაკლები, რაც ჩვენ უნდა შევქმნათ.


რა თქმა უნდა, უმუშევრობა რჩება ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად საქართველოში.


ფასების ზრდა – საქართველოს ყველაფერი არ აქვს. ნავთობზე კატასტროფულად  მოიმატა ფასმა, ე.ი ბენზინმა მოიმატა  – მთელ მსოფლიოში იმატებს და რა თქმა უნდა ,საქართველოშიც იმატებს ბენზინის ფასი და იმატებს გადაზიდვასთან დაკავშირებით პროდუქტების ფასი.


პური გაძვირდა მთელ მსოფლიოში და შესაბამისად გაძვირდა ფქვილი და პურპროდუქტები, მათ შორის ბავშვის კვების პროდუქტები, რძის პროდუქტები გაძვირდა მთელ მსოფლიოში და ბევრი სხვა რაღაცა ძვირდება და ბუნებრივია, ეს ურტყამს ქართულ ბაზარს. 


რა უნდა ვქნათ ჩვენ? ჩვენი გამოსავალი ერთი არის, რომ არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნურად კიდევ უფრო მეტად არ გავაძვირებინოთ და ამაზე ვილაპარაკე მთავრობაზე, ვიდრე არის. ე.ი არ დავუშვათ სადმე როგორც ხორცზე იყო ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიები, ან შაქარზე – ერთი შემომტანია მარტო და ეს არ დავუშვათ.


მეორეს მხრივ, მივცეთ ჩვენ ადამიანებს საშუალება ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, მეტი შესაძლებლობები რომ თავის თავი გამოკვებონ,  მიუხედავად მზარდი მსოფლიო ფასებისა.


როდესაც ვლაპარაკობთ, რომ იქნება ახალი სამუშაო ადგილები. მე კარგად ვიცი, რომ თუ შენ ხარ 70 წელს გადაცილებული ბიბლიოთეკარი სადმე რაიონში და ეს ბიბლიოთეკა ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებს და ხელფასიც არის ძალიან დაბალი.


ის რომ ჩვენ გავხსენით ბევრი ახალი ტექნიკური სკოლა, რომელშიც ვამზადებთ მშენებლებს,  სასტუმროს ადმინისტრატორებს, გზის სპეციალისტებს და ა.შ ამ ადამიანებისთვის ამითი არაფერი არ იცვლება. იმიტომ, რომ მან გარკვეულ ასაკს მიაღწია და ის ამ სკოლაში ვეღარ მიდის და რა თქმა უნდა აქ ჩნდება უპერსპექტივობის და დაუცველობის განცდა. და რა თქმა უნდა მთავრობამ ბევრად მეტი უნდა იზრუნოს სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება ყველა ამ ცვლილებების შედეგად, შეიძლება მათთვის ნათელი შანსი იმისა, თუ რა არის მათი უშუალო პერსპექტივა, ნამდვილად არ ჩნდება.


ეს ყველაფერი ასე არის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფო აპარატის ცვლილებებზე.  რა ვქნა როცა ვიძახი როცა ვარდების რევოლუციასთან ყველანაირი შედარება არის სასაცილო და ეს არის ეპოქალური მოვლენა.


ვარდების რევოლუციამ შექმნა ნამდვილი საოცრება, რომელსაც  მოდით ახლა გულწრფელად დავიდოთ ყველამ გულზე ხელი, მოელოდა ვინმე 4 წლის წინ ჩემი ჩათვლითაც კი, პირდაპირ მინდა გითხრათ, და ჩემი ახლობლების უმეტესობის ჩათვლით, რომ საქართველო ასე სწრაფად განვითარდებოდა?.


ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველო, რომელსაც არ ჰქონდა დენი 12 წლის განმავლობაში მანამდე, საქართველოში გაჩნდა იმდენი ენერგია, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ, არამედ ექსპორტზე გადის რუსეთში.   არ იყო დენი – გაჩნდა დენი.


იყო საშინელი კორუფცია საქართველოში – აღარ არის კორუფცია. გულზე ხელი დავიდოთ და თუ ვინმე არის, რა გავლენიანიც არ უნდა იყოს, რა ძლიერიც არ უნდა იყოს, რა მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს აგებს პასუხს.


საქართველოში არ იყო თანამედროვე მედიცინა და ჩვენ ვქმნით ახლა თანამედროვე მედიცინას, 100 ახალ საავადმყოფოს ვაშენებთ. აი გუშინწინ ვიყავი სწორედ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და რა სასწაული შეიქმნა იქ, ქუთაისში ორდენი გადავეცი აფხაზეთის სპეცნაზის უფროსს და რა მაგარი საავადმყოფოა ქუთაისში.  და ასეთი იქნება კიდევ 98 საქართველოში.


რაც მთავარია ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველაზე დაუცველ ადამიანებს საქართველოში ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საავადმყოფოში იმკურნალონ და იქ მიესვლებოდეთ.


რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სკოლები – გაყინული ბავშვები, უხელფასო მასწავლებლები. 2009 წელს ყველა სკოლა იქნება ჩვენთან, ეს პროცესი ყოველ წელიწადს გრძელდება. ტირძნისში ვიყავი, სკოლაა ისეთი აშენებული, რომ მე ეგეთი სკოლა ჰოლანდიაში არ მინახავს. ყველა სკოლა იქნება ისეთი ან იმაზე უკეთესი, როგორიც არის ჰოლანდიაში, დანიაში, ნორვეგიაში 2009 წელს.


მასწავლებლების ხელფასი მომავალი წლიდან იზრდება და რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ბევრად მეტად გაიზარდოს და გაიზრდება კიდეც ბევრად უფრო მეტად.


ამიტომ ერთის მხრივ, ჩვენ მთელ რიგ სფეროებში გვაქვს მართლაც ძალიან სერიოზული წინსვლა და ამას ყველაზე დიდი კრიტიკოსიც კი, თუ საერთოდ სინდის-ნამუს გარეცხილი არ არის, აღიარებს.


მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ადამიანების ბედი, კონკრეტულად დაზარალებულები ბედი, როდესაც ჩვენ 40 ათასი პოლიციელი გავუშვით მარტო პოლიციის ორგანოებიდან. ჩვენ პოლიციას დავუბრუნეთ ღირსება, ხალხის თვალში დავუბრუნეთ პატივისცემა, რომელიც არასოდეს არ ჰქონია არც საბჭოურ დროს. პირველად მივეცით პატივისცემა სახელმწიფო აპარატს ზოგადად.


მაგრამ, რა თქმა უნდა არიან კონკრეტული დაზარალებული ადამიანები სახელმწიფო აპარატებიდან გაშვებული და რა თქმა უნდა, ზოგჯერ უსამართლოდაც.  როცა ასეთი დიდი ცვლილებები ხდება სამწუხაროდ არის ყოველთვის გამონაკლისები, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები გვამოძრავებდეს.


რა თქმა უნდა, ეს არის მიმდინარე პროცესი და მე მინდა ვთქვა ყველა ამ სიძნელეების, რომელზეც მე ახლა ვსაუბრობ, ერთადერთი გზა არის რეფორმების თანმიმდევრული გაგრძელება, ქართული ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარება, კორუფციის ხელებით დაჭერა.


კრიმინალურ სამყაროსთან ლაპარაკი – საქართველო იყო ქურდების მიერ მართული ქვეყანა. ახლა ის სიცრუის მანქანა, რომელიც ჩართულია ჩვენ წინააღმდეგ, იძახის რომ სტალინმა ვერ გაანადგურა ქურდები და ესენი რას გაანადგურებენ. ყოფა ვუტირეთ და კიდე ერთი სადმე წამოყონ თავი და რა მოუვათ მაგას ნახავენ.   არა მხოლოდ გავუშვით საქართველოდან, არამედ ყველაფერი რაც ჰქონდათ საქართველოში, ყველაფერი ჩამოვართვით. და კიდევ თუ რამე აღმოვაჩინეთ კიდევ ჩამოვართმევთ.


ჩვენ არ გვქონდა შეიარაღებული ძალები. არა მხოლოდ არ გვქონდა ახლა შეიარაღებული ძალები, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ჩაგვაგონეს სხვადასხვა იმპერიებმა რომ თქვენ კარგი ხართ ცეკვა-თამაშში, თქვენ სადღეგრძელოები გეხერხებათ, სუფრები უნდა გაგვიშალოთ, უნდა გაგვართოთ, ”სულიკო” გვიმღეროთ, მაგრამ ნურას უკაცრავად, შეიარაღებული ძალები თქვენ არ უნდა შექმნათ, თუმცა თქვენი გენერლები მაგრები არიან.


გენერალმა ბაგრატიონმა აიღო ნახევარი ევროპა, იქ მამელუქები აკონტროლებდნენ მთელ ახლო აღმოსავლეთს, არაბულ სამყაროს და უმრავლესობა ქართველები იყვნენ, მათ შორის ერაყის უდიდესი მმართველი მე-19 საუკუნეში, პოლონეთი გაათავისუფლეს ქართველმა ოფიცრებმა 20-იან წლებში ბოლშევიკებისგან, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მეთაური პოლკოვნიკი ამილახვარი იყო ყველაზე გამოჩენილი მეომარი საფრანგეთის მე-20 საუკუნის ისტორიაში.


მაგრამ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ  ქართველებს კი აქვთ ეს ნიჭი, მაგრამ საქართველოში ეს არ უნდა გააკეთოთ.


ამათ ყველას ჯინაზე და რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში, ჩვენ შევქმენით ნამდვილი შეიარაღებული ძალები. ჩვენ გვეუბნებიან რად გინდათ კიდევ ერთი ბრიგადა, რად გინდათ კიდევ  – სწორედ იმიტომ გვინდა რის გამოც არ უნდოდა ბევრ მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში, რომ საქართველოს ჰქონოდა შეიარაღებული ძალები.


და ამიტომ მე ვერ მივიღებ ქილიკს, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან. ერთ-ერთი გამოდიოდა ტელევიზორში და რა მოვისმინე, რომ ”ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო” – რისთვის ვყიდულობთ ჩვენ ამდენ იარაღსო. ხის აბჯრით იაროს თუ უნდა ამან და  ვიარეთ მრავალი საუკუნის განმავლობაში და საქართველოს ექნება ისეთი აბჯარი, ისეთი შეიარაღება, რომელიც საჭიროა მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი უსაფრთხოების, მისი მომავლის უზრუნველსაყოფად და დასაცავად.


ჩვენ შევქმენით შეიარაღებული ძალები.


ჩვენ არ გვქონდა ელემენტარული ინფრასტრუქტურა. როგორია ახლა 15 წელი საერთოდ არაფერი არ აშენებულა და მხოლოდ ინგრეოდა, ინგრეოდა და ინგრეოდა. 


ამიტომ ჩვენ ავაშენეთ წელს და მომავალ წელს ჩვენ ავაშენებთ უფრო მეტ გზას, ვიდრე საქართველოში აშენდა ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთად აღებული. და როდესაც ვლაპარაკობთ ყველაფერ ამაზე, ეს რა თქმა უნდა, არ არის შეუქცევადი პროცესები.


ტყუილად ჰგონია ვინმეს რომ აი ასე ეს ყველაფერი თავისით მოვიდა. ეს ყველაფერი იყო მთელი ჩვენი ხალხის, მთელი სახელმწიფო აპარატის და მათ შორის იმ ხალხის, ვინც უშუალოდ ყოველდღიური, დღე და ღამე შრომის, 16-საათიანი სამუშაო გრაფიკის მუდმივად ხელ დაკაპიწებული, მართლა იდეალისტების შრომის შედეგი. რა თქმა უნდა აქ ყოველთვის არის ის ხალხი, ვინც ვერ გაამართლა ნდობა, ვინც თავიდან კარგად მოგვეჩვენა და მერე სრული კატასტროფა აღმოჩნდა, ყოველთვის არის ისეთი ხალხი, ვისაც ხელი წაუცდა. მაგრამ აღმოჩნდა, ჩემდა მოულოდნელად, ბევრად მეტი წესიერი, მოტივირებული ადამიანი, კარგად მომართული ადამიანები, რომლებმაც ამასობაში მიიღო ძალიან სერიოზული გამოცდილება, რომელთაც შექმნეს ეს ყველაფერი. და ტყუილად ჰგონიათ რომ ეს პროცესებია შეუქცევადი.


ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა მშვენივრად იციან, რომ არაფერი არ არის შეუქცევადი. ამიტომ ასევე ისტერიულად უნდა რომ მოგვაწვეს, ასე ისტერიულად უნდა რომ ყველაფერი დააბრუნოს იქ, სადაც ჩვენ ვიყავით: უიმედობაში, უშუქობაში.


ახლა უიმედობას ნერგავენ მხოლოდ ტელევიზიით. ტელევიზიით ხდება, რომ ყველაფერი ცუდად არის, არაფერი კარგი არ არის. მაგრამ ერთია სატელევიზიო უიმედობა, სატელევიზიო უიმედობას ადვილად დაარწევ თავს – გადართავ რომელიმე სხვა არხზე და შეიძლება მაინც იპოვი იმ საიმედოს და ბოლოს და ბოლოს ქუჩაში გამოხვალ და ნახავ საიმედოს.


მაგრამ ნამდვილ უიმედობაში დაბრუნება ნიშნავს საქართველოს დაბრუნებას უშუქობაში, ქაოსში, ტყვიების ზუზუნში, ქურდების თარეშში და ამ მამალაძეების და სხვა ვიღაცეების თარეშში, რომელთაც ამ ბოლო დროს რატომღაც ისევ გამოყვეს თავი. დავინახე ის რამდენიმე ძველი მთავრობის, რომლებიც ჩაწოლილი იყვნენ მთელი ეს წლები, წარმომადგენლები. იფიქრეს, რომ ახლა კარგი დრო მოვიდა, იქნებ რაღაცას ხელის გამოვკრათ, ისევ გამოვიდნენ საშოვარზე. მე ვფიქრობ ეს ხალხი ძალიან მწარედ ცდება. ეტყობა ვერაფერი დასკვნები ვერ გამოვიტანეთ ბოლო ამ წლების განმავლობაში. ეს ის საქართველო აღარ არის, რომელსაც შეიძლება ხელი კრა და ისევ უკან გადააგდო იმ უფსკრულში, საიდანაც ჩვენ ყველანი ამოვედით ნამდვილად.


ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საუბრობდით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიზეზებზე, მიზნებზე. დღეს ფაქტი ასეთია პარლამენტის წინ შეკრებილია ხალხმრავალი დემონსტრაცია შეიძლება სოციალური მიზნებით, შეიძლება პოლიტიკური მოთხოვნებით. ოპოზიციის ერთი ნაწილი პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს. მოდით კონკრეტულად, რომ ვისაუბროთ ამ მოთხოვნებზე – რამდენად ადეკვატურია, რამდენად შესრულებადია?  


ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ მართლაც როცა ადამიანები ხედავენ აქციებს, საზოგადოების ერთ ნაწილს უჩნდება განგაშის გრძნობა. უჩვეულო ეს არ არის  – საფრანგეთში,  გერმანიაში, თუნდაც სადმე ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში თუნდაც უკრაინაში ეს არ იწვევს რაღაცა დიდ ემოციებს და მითუმეტეს შიშს ვინმესი, რომ ადამიანი გამოვიდა, გაიარა, თავისი აზრი გამოხატა და წავიდა სახლში.


საქართველოს აქვს ისტორია სახელმწიფო გადატრიალების, სამოქალაქო ომების, არეულობების, ქაოსის და ყველაფერი ეს ადამიანებს ახსოვთ, რომ იწყებოდა რაღაც სახის ქუჩის მანიფესტაციებით. ამიტომ მე მშვენივრად მესმის იმ ნაწილის ჩვენი საზოგადოების, რომელიც ამჯერად ზოგი მეტად ან ნაკლებად ნერვიულობს.


მაგრამ მე მინდა ყველა დავაწყნარო. საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც იყო 1990-91 წელს, 93-94 წელს, თუნდაც 2001 წელს. საქართველო მაშინ იყო ქვეყანა და ახლა არის ქვეყანა  – სახელმწიფო, საზოგადოება თავისი მყარი საერთაშორისო პოზიციებით, თავის მოტივირებული სახელმწიფო აპარატით, თავისი ზუსტი კურსით და იმის ცოდნით  – საითკენ მივდივართ, რა უნდა გავაკეთოთ იქ მივიდეთ თავისი სტრატეგიული ამოცანებით და თავისი, პრინციპში, სტაბილური, მშვიდი ფუნქციონირებითაც.


ამიტომ ამ მხრივ მოვხსნათ პრობლემა. არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა დეჟავიუსი, რომ ერთხელ ნანახი აქვს და ვაიმე ეს ისე არ დამთავრდეს.


მოდი ვნახოთ კონკრეტულად რა ზოლუნგები და მოწოდებები ისმოდა. მე არ ვლაპარაკობ ფორმაზე, ფორმა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის დონეზე მიუთითებს იმ ხალხის ვინც ამ ყველაფერს ტელევიზორში და არის ჩვენთან ტელევიზიები, რომლებიც ამას სიამოვნებით უთმობენ დიდ დროს.  


მაგრამ მეორეს მხრივ დემოკრატიის შენება სწორედ ის არის, რომ ადამიანმა უნდა ნახოს, დემოკრატიაში არ იმალება არაფერი, ჭკვიანი ადამიანიც კარგად ჩანს და აბსოლუტური ბრიყვიც კარგად წარმორჩინდება. მერე საზოგადოება, რომელიც არის ძალიან ბრძენი, აკეთებს ამის შედეგად თავის დასკვნებს და ეს არის დემოკრატიის უსიამოვნო შეიძლება ასპექტი, მაგრამ ამავე დროს დიდი სიძლიერე. ამას ყველა თაობის ადამიანი უნდა შევეგუოთ. დემოკრატია ასე არის.


მთავარია, რომ საზოგადოებამ ამას შეხედოს მშვიდად, წყნარად და თავის დასკვნების გამოიტანოს. 


ახლა რაც შეეხება კონკრეტულ საბაბს და ეს არის საბაბი და არაფერი კონკრეტული ამის უკან არ არის იმიტომ, რომ არის კონკრეტული ოლიგარქიული რუსული ძალა, რომელიც კოორდინი

Exit mobile version