თარგამაძე საპროტესტო აქციის მნიშვნელობას აკნინებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ არ არის საჭირო დიდი ყურადღება მიექცეს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას.


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის კითხვაზე, როგორ შეიძლება მოგვარდეს არსებული კრიზისი, თარგამაძემ უპასუხა: ”მოგვარების საჭიროება არ არსებობს; ჩვენ მხოლოდ ჩვენი საქმის კეთება უნდა განვაგრძოთ”.


”აქციაზე მხოლოდ, მაქსიმუმ 25 000 ადამიანი მივიდა. მოგვიანებით, ეს რაოდენობა 8 000-მდე შემცირდა,” – განაცხადა მან, ”ამას რომ ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ 25 000 ადამიანის აზრის მნიშვნელობას ვაკნინებ. მაგრამ, ამ ხალხისთვის მართლაც არ აქვს მნიშვნელობა როდის ჩატარდება არჩევნები, აპრილში, თუ შემოდგომაზე”.


თარგამაძის ეს განცხადება მმართველი პარტიის წარმომადგენლების უმეტესობის აზრს გამოხატავს.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ არჩევნების თარიღი პარლამენტის წინ მყოფი უმეტესობისთვის პრიორიტეტული საკიხია. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ცდილობენ გამოიყენონ ის უკმაყოფილება, რომელიც მოსახლეობის ერთ ნაწილში არსებობს.


ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, 2 ნოემბერს პარლამენტის წინ 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა; სხვა მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 50 000-დან 70 000-მდე მერყეობდა.


როგორც მოსალოდნელი იყო, აქციის მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა დღის ბოლოს; თუმცა, ოპოზიციამ განაცხადა, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი მათ ოთხ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს:


• პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში – 2008 წლის გაზაფხულზე;
• არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ;
• მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე;
• გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები.  

Exit mobile version