პრეზიდენტის პოზიციაა, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება – ბურჯანაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მას შემდეგ, რაც მისი თქმით, კიდევ ერთხელ გადაამოწმა პრეზიდენტ სააკაშვილთან აპრილში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა, განაცხადა, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია არ შეიცვლება.


”ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია: ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორია, რომ არჩევნები ჩატარდეს დათქმულ დროს ანუ შემოდგომაზე, რომლის ვადასაც ჩვენ აუცილებლად წინასწარ გამოვაცხადებთ,”- განაცხადა ბურჯანაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ”არჩევნები ჩატარდება საქართველოში დემოკრატიულად და სამართლიანად და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა თავისი ხმით და თავისი არჩევანით მოიყვანოს ის ხელისუფლება, რომელიც მისთვის შემოდგომისათვის იქნება მისაღები”.


”ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია და პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მე კიდევ ერთხელ  ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე გადავამოწმე და შემიძლია გითხრათ,”- დასძინა მან.


”ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი მოქალაქის აზრს, მაგრამ არცერთი ხელისუფლება, რომელიც თავის თავს და საკუთარ ქვეყანას პატივს სცემს,  გადაწყვეტილებას არ იღებს ულტიმატუმების ან მიტინგების ფონზე,”- აღნიშნა მან.


ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ დიალოგის პროცესი კვლავაც გაგრძელდება, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.  


ეს განცხადებები ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის ექვს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერია, მაია ნადირაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი პრეზიდენტის საბოლოო პოზიციას დაელოდებიან მათ ოთხ მოთხოვნასთან დაკავშირებით:


• პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში – 2008 წლის გაზაფხულზე;
• არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ;
• მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე;
• გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები. 


ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მათ უშუალოდ პრეზიდენტისგან აინტერესებთ მოისმინონ პასუხები ამ მოთხოვნებზე.  მან ეს განცხადება ნინო ბურჯანაძის კომენტარის შემდეგ გააკეთა.


ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ოთხივე მოთხოვნაზე არ მიიღებს პრეზიდენტისგან დამაკმაყოფილებელ პასუხს.


”მე არ ვუსურვებდი მათ არაადეკვატური პოზიციის შენარჩუნებას,”- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა. 


”მათი გადასაწყვეტია, როგორც ურჩევნიათ ქვეყანაში მოვლენების განვითარება,”- აღნიშნა შეხვედრის მონაწილე თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”საინტერესოა, როცა 100 ათასი ადამიანი დგას ქუჩაში, რას აპირებს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში”.


ოპოზიციის განცხადებით ისინი არ ზღუდავენ ვადაში პრეზიდენტს საბოლოო პასუხთან დაკავშირებით.

Exit mobile version