მოსკოვი რუს სამშვიდობოებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში განთავსებულ რუს სამშვიდობოებს ”ქართული მხრიდან მზარდი პროვოკაციების” ფონზე მოუწოდა გამოიჩინონ ”თავშეკავება და შეინარჩუნონ სიმშვიდე”.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბრები გამართა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაურებთან სერგეი ჩაბანთან და მარატ კულახმეტოვთან.


”სამშვიდობოთა მეთაურებმა აღნიშნეს, რომ მათი კონტიგენტები მხოლოდ არსებული საერთაშორისო მანდატის ფარგლებში მოქმედებენ და მთავარი მიზანია, სიტუაციის სტაბილიზაცია კონფლიქტის ზონებში,”- ნათქვამია საინფორმაციო  შეტყობინებაში, სადაც არაფერია ნათქვამი განმუხურის ინციდენტზე.


30 ოქტომბერს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ განმუხურში რუს სამშვიდობოებსა და ქართველ პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ნაცემია ხუთი პოლიციელი.

თბილისმა თავდასხმაში რუსი სამშვიდობოები დაადანაშაულა და სერგეი ჩაბანის დაუყოვნებლივ გაწვევა მოითხოვა, თუმცა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ განაცხადა, რომ ინციდენტი ქართული მხარის მიერ იყო პროვოცირებული.


განმუხურის ინციდენტის შემდეგ საქართველომ განაცხადა, რომ მიიღო რუსი სამშვიდობოების კონფლიქტური ზონებიდან გაყვანის გადაწყვეტილება, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version