ბაქრაძე: შსკ-ს უშედეგო სხდომამ ფორმატის არაეფექტურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა

შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ორდღიანმა უშედეგო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის პოლიტიკის სისწორე, რომ ”ორგანო, რომელიც ვერ იღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს, ვერ დარჩება კონფლიქტის მოგვარების ცენტრალურ ფორმატად,”- განაცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.


23-24 ოქტომბერს თბილისში, ეუთოს მისიის ოფისში გამართულ სხდომაზე  ქართულმა, სამხრეთ ოსურმა, რუსულმა და ჩრდილოეთ ოსურმა მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.


”ორი დღის მანძილზე ქართული მხარე მაქსიმალურად ეცადა ყოფილიყო კონსტრუქციული და მიეღწია კონკრეტული შეთანხმებებისთვის ამ ფორმატის ფარგლებში,”- განაცხადა ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ”სამწუხაროდ, ვერანაირი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, პირველ რიგში იმის გამო, რომ ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არ არიან კონსტრუქციული და კომპრომისული წინადადებისთვის, მზად არ არიან არცერთი კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დაგვეხმარება კონფლიქტის მოგვარებაში და მზად არ არიან არცერთი კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გაუიოლებს და უსაფრთხოს გახდის კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის ცხოვრებას”.


ბაქრაძის განცხადებით, რუსულმა მხარემ ასევე ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია, როგორც შუამავალმა და ვერ შეძლო ”საბოლოო ჯამში მიეყვანა პროცესი შეთანხმებით დასრულებამდე”. 


”სხდომის უშედეგოდ დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს და აღრმავებს იმ კანონიერ კითხვის ნიშნებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია საერთოდ ამ ფორმატის სიცოცხლისუნარიანობასთან და ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბაქრაძემ.


თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ შსკ-ს არაეფექტურობის მიუხედავად, ქართული მხარე კვლავაც მზად არის გააგრძელოს მუშაობა ამ ფორმატში და არ დაბლოკოს მისი მუშაობა.


”მაგრამ ჩვენი მთავარი პრიორიტეტები არის და იქნება ის ფორმატები, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგები,”- განაცხადა ბაქრაძემ და ასეთ ფორმატებად სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი სახელმწიფო კომისია და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია დაასახელა.


”აი ეს არის მიმართულება, რომელიც დაგვეხმარება კონფლიქტის მოგვარებაში,”- აღნიშნა მან.

Exit mobile version