პრეზიდენტი სააკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოციალური ვაუჩერების პროგრამის მიმდინარეობით და ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზებით დაინტერესდა. მისი თქმით, ფასების ზრდას ”გარე ფაქტორებთან” ერთად ქვეყანაში არსებული მონოპოლისტი იმპორტიორებიც უწყობენ ხელს.
პრეზიდენტის ინიციატივით, ამოქმედდა 100 მილიონი ლარის ღირებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა, რომელიც სულ 2.8 მილიონ მოქალაქეს მოიცავს. 1.2 მილიონი მოქალაქე – პენსიონერი, მასწავლებელი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა – 50-50 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის გადასახდელად. აღნიშნული კატეგორიების სოფლის მოსახლეობას კი ელექტროენერგიის 50 ლარი და 50 კილოგრამი პურის ფქვილი დაურიგდება. გარდა ამისა, დახმარება – 50 კგ პურის ფქვილი – ასევე დაურიგდება სოფლად მაცხოვრებელ 700 000 ოჯახს.
ვაუჩერების გაცემას არასრულყოფილი მონაცემთა ბაზა აფერხებს, განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა.
თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, პრობლემა იმაშიც არის, რომ გაცილებით მეტი პენსიონერია რეგისტრირებული, ვიდრე რეალურად არსებობს.
”მე კატეგორიულად ვითხოვ, ზუსტად გაირკვეს რა რაოდენობის პენსიონერია საქართველოში და ეჭვი მაქვს, რომ მკვეთრად შემცირდება მათი რაოდენობა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, პენსიონერთა რაოდენობის გარკვევის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები ”უნდა გადანაწილდეს დანარჩენი პენსიონერების პენსიების გასაზრდელად”.
პრეზიდენტი მიესალმა თბილისის მერიის ინიციატივას ბაგა-ბაღებისა და სამუსიკო სკოლების პედაგოგებზე ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რეგიონებშიც ანალოგიური უნდა მოხდეს.
”ჩვენ არავინ არ უნდა გამოგვრჩეს, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი,”- განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე პასუხი მოსთხოვა მთავრობას რიგ პროდუქტებზე, მათ შორის პურზე, შაქარზე, მარილზე, ზეთზე, სამომხმარებლო ფასების 50-100%-ით გაზრდის თაობაზე. პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ფასების ზრდა ”გარე ფაქტორებმა” განაპირობა.
”ამ პრობლემების დიდ ნაწილს საპრეზიდენტო სუბსიდია მოაგვარებს”,- დასძინა ნოღაიდელმა.
საპრეზიდენტო სუბსიდირების პროგრამა რეგიონებში ფქვილის დარიგებასაც ითვალისწინებს. თუმცა პრეზიდენტის განცხადებით, ”ფქვილის დარიგებისას ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ძალიან გამოზომილად და ძალიან წინასწარ გათვლილად იმისათვის, რომ ფქვილის მკვეთრმა შესყიდვამ არ მოახდინოს რამე დაწოლა ისედაც პრობლემურ ფქვილის ბაზარზე და მსოფლიო ბაზარზე ისედაც გაძვირებულ ხორბლის ფასზე ქართველი მომხმარებლებისათვის”.
ამ მიზნით ამჟამად ბაქოში იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანული ხორბლის შესყიდვის თაობაზე.
”მე ველაპარაკე პირადად ილხამ ალიევს და ვთხოვე, რომ დამატებითი ფქვილი შევისყიდოთ აზერბაიჯანისგან,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, ფასების ზრდის ერთ-ერთი სტიმულატორი ის ფაქტორიც არის, რომ რიგი პროდუქციის შემოტანა ქვეყანაში მონოპოლიზებულია.
”ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ყველანაირი მონოპოლიები მოვშალოთ საქართველოში,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მან საგადასახადო სამსახურის მიერ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში დაყადაღებულ კომპანია “არტი ჯგუფის” მაგალითზე ისაუბრა, რომელიც უმსხვილესი დისტრიბუტორი და ექსკლუზიური პარტნიორია კომპანიების:, Procter & Gamble, Gillette, Uni, Dilmah და Sara Lee ამიერკავკასიის ქვეყნებში. ”არტი ჯგუფის” მეპატრონეა ქიბარ ხალვაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი.
”სხვამ რომ მოინდომა შემოსვლა, ჩვენი ძვირფასი თავდაცვის სამინისტრო [ირაკლი ოქრუაშვილის პერიოდში] ლამის ტანკებით მიადგა და აღარ შემოუშვა სხვა არცერთი პროდუქცია ბაზარზე. და ეს მოხდა ჩვენ დროს,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ოდესმე განმეორდეს, რომ ვინმეს ჰქონდეს ასეთი პრივილეგია და ასეთი ექსკლუზივი ქართულ ეკონომიკაში რომელიმე სფეროზე”.
მას ასევე ისაუბრა ე.წ ”ხორცის მაფიაზე”, უკრაინული მარილის მონოპოლისტ იმპორტიორზე საქართველოში, რომელიც ”ჩემი განკარგულებით მოიშალა თავიდან ბოლომდე”. პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ცალკეული ფირმების მონოპოლისტებად ჩამოყალიბებას რიგი ჩინოვნიკები, მათ შორის დეპუტატებიც უწყობდნენ ხელს და აღნიშნა, რომ ”ყველას მოეთხოვება პასუხი”.
პრეზიდენტმა დაავალა პრემიერ-მინისტრს შექმნას სამთავრობო ჯგუფი, რომელიც ანტიმონოპოლიურ ღონისძიებებს გაატარებს. მან ასევე მოითხოვა დაუყოვნებლივ გაუქმდეს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო – ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.