სააკაშვილი ოპონენტებს მწვავედ აკრიტიკებს

კახეთში სტუმრობისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ლიდერები დაახლოებით სამი საუკუნის წინ კახეთის რეგიონის დამპყრობელ ირანის შაჰს შეადარა, ხოლო ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ქართველი მოღალატის ისტორიულ პროტოტიპს.


15 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი კახეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც ქართული ვენახების 60%-ზე მეტია განთავსებული. ადგილობრივი გლეხების ვენახების მონახულების შემდეგ, ის თელავში ჩავიდა და იქ შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური ემბარგოს მიუხედავად საქართველომ და კერძოდ, კახეთმა ”არ დაიჩოქა”.


”მინდა აქ დავპატიჟო საქართველოს დიდი ”ქომაგი” პრეზიდენტი პუტინი – მივესალმებით თუ ჩამოვა და ჩვენს ღვინოს დააგემოვნებს. მსურს აქ დავპატიჟო რუსეთის სანიტარული ინსპექცია, ყველა რუსი გენერალი, რომლებსაც ასე ”შესტკივათ” საქართველოზე გული; მსურს ემბარგოს ყველა ინიციატორი ჩამოვიყვანო, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიგონონ კახეთის ხმა, კახეთიდან გაჟღერებული საქართველოს ხმა და ნახონ, რომ საქართველო არ ტყდება, საქართველო არ იჩოქებს და საქართველოს დამარცხება შეუძლებელია. კახეთმა ეს დაამტკიცა შარშან და დაამტკიცებს წელსაც,” – განაცხადა თავის ემოციურ გამოსვლაში სააკაშვილმა.


რთველი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მან ვერ შეძლო შესაბამისი ზომების მიღება რუსული ემბარგოს შედეგად დაზარალებული მევენახეების დასახმარებლად. 


რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია ”იმედმა” გაუშვა სიუჟეტი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ჩეხავს კახელი გლეხი ვაზს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო მოსავლის ხელსაყრელ ფასად ჩაბარება. ოფიციალურმა პირებმა ამ სცენას დადგმული უწოდეს და განაცხადეს, რომ ტელეკომპანია ”იმედმა” გლეხს 1 500 ლარი გადაუხადა. მმართველი პარტიის წევრების თქმით, ეს ”დადგმული სპექტაკლი” პატარკაციშვილის ”პროპაგანდის” ნაწილია, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობაში უიმედობის დათესვას.


თელავში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვლმა ამ ეპიზოდზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: ”შესაძლოა ზოგიერთი  – და ისინი ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ 0.0001%-ს შეადგენენ – ფულს იმაში იღებდეს, რომ ტელევიზიით ვენახის ჩეხვა აჩვენოს. ძირითადად, აქ სხვა ხალხია, ისინი დღე და ღამე შრომობენ იმისათვის, რომ მოსავალი მოიყვანონ და შემოსავალი მიიღონ, საკუთარი თავი გააძლიერონ და ოჯახები ფეხზე დააყენონ”.


შემდეგ მან საქართველოს და კერძოდ კახეთის რეგიონის ისტორიის ზოგიერთ ეპიზოდზეც ისაუბრა. სააკაშვილმა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II გაიხსენა.


”მაშინ, როდესაც აღა მაჰმად ხანი ჩვენი ქვეყნის კარიბჭეს მოადგა, მეფე ერეკლე სოფელ-სოფელ დადიოდა და ქუდზე კაცს იბარებდა, საქართველოს მოღალატეები კი, მარკოზაშვილის ნაძირალა რაზმელები მეფის საწინააღმდეგო კამპანიას ეწეოდნენ, ხალხს დამარცხებას უწინასწარმეტყველებდნენ და თავის გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ,” – განაცხადა სააკაშვილმა.


შემდეგ მან განაგრძო: ”დღეს მარკოზაშვილებს ტელესადგურები და ფული აქვთ [მას მხედველობაში ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ჰყავდა], მათ სხვა ხერხითაც შეუძლიათ ზემოქმედება, მაგრამ მათ არა აქვთ მთავარი რამ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა”.


სააკაშვილმა ”თანამედროვე შაჰაბასზეც” ისაუბრა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ემბარგო დაუწესა.


”მინდა მოგმართოთ კახელებს – საქართველოს ხერხემალს, თანამედროვე შაჰ აბასმა (თქვენ იცით ვისაც ვგულისხმობ) მთავარი დარტყმა მოგაყენათ თქვენ, ღვინის ემბარგო მომართული იყო თქვენს დასამარცხებლად, რადგან ამ თანამედროვე შაჰ აბასმა, საქართველოს არაკეთილმოსურნემ კარგად იცის, რომ საქართველოს დამარცხების გზა კახეთზე გადის,” – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰყავდა, თუმცა მისი სახელი არ უხსენებია.


მისი თქმით, საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორც დღეს.


”ჩვენ გვყავს ასობით ათასი რეზერვისტი და საუკეთესოდ მომზადებული პროფესიული ჯარი, გვყავს წელში გამართული პოლიცია, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო აპარატი; რაც მთავარია, იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ვვითარდებით და ფეხზე ვდგებით,” – დასძინა მან.

Exit mobile version