თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განუცხადა, რომ მან გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და აღიარა გამოძალვისა და თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებები, რათა ”შემემსუბუქებინა ჩემი სიტუაცია”.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს გამოიტანა გადაწყვეტილება ოქრუაშვილის გათავისუფლების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადაიხდის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილის პროცესის ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც პროკურორი ეუბნება ოქრუაშვილს: ”7 ოქტომბრამდე თქვენ უარს ამბობდით დანაშაულის აღიარებაზე. 7 ოქტომბერს თქვენ აღიარეთ თქვენი დანაშაული რამდენიმე ბრალდებასთან დაკავშირებით, კერძოდ გამოძალვისა და გულგრილობის თაობაზე [ოქრუაშვილს ასევე ედება ბრალი ფულის გათეთრებასა და უფლებამოსიების გადამეტებაში]. რატომ გადაიფიქრეთ?”
”ვფიქრობ, ჩემი თანამშრომლობა გამოძიებასთან… შეამსუბუქებს ჩემს სიტუაციას და დამეხმარება გირაოთი გათავისუფლებაში,” – უპასუხა ოქრუაშვილმა.
ვიდეო ჩანაწერში ოქრუაშვილი ასევე აცხადებს, რომ მას სურს მისი ინტერესები ახალმა ადვოკატმა გივი პაპუაშვილმა დაიცვას. ოქრუაშვილს მისი პარტიის წევრი, ადვოკატი ეკა ბესელია იცავდა.