ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ საყოველთაო სახალხო მოძრაობას ჩაუდგნენ სათავეში, დღეს ჭადრაკის სასახლეში ინტელიგენციასთან გამართეს შეხვედრა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას 2 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს.
დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ასევე დოკუმენტს სახელწოდებით – ”არ მეშინია”.
”ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვართ ერთად, ყველაფერი თავისით მოვა”, – განუცხადა სახალხო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ ინტელიგენციის წარმომადგენლებს.
ინტელიგენციასთან შეხვედრა ნაწილი იყო იმ კამპანიისა, რომელსაც ათი ოპოზიციური ჯგუფი ერთი თვის განმავლობაში გეგმავს, მათ შორის რეგიონებში. სახალხო მოძრაობის სამი მოთხოვნაა: 2008 წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნების გამართვა, საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის მოდელის შემოღება და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება.