დეპუტატებმა ბიუჯეტის მიღება მეორე ცდაზე მოახერხეს

საკანონმდებლო ორგანომ 25 სექტემბერს ვერ მოახერხა 2007 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცება, რადგან გადაწყვეტილების მიღებას ორი დეპუტატის ხმა დააკლდა და მთავარი საფინანსო დოკუმენტი 109 ხმით 9-ის წინაამღდეგ ჩავარდა.


უმრავლესობის განცხადებით, ამის მიზეზი ”ტექნიკური გაუგებრობა” იყო, რადგან ორი მათი თანაგუნდელის ხმის მიცემის პულტმა არ იმუშავა.


26 სექტემბერს დილით დეპუტატებმა ხელახლა ჩაატარეს კენჭისყრა და ბიუჯეტი 140 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ოპოზიციის განცხადებით, კენჭისყრა უკანონოდ ჩატარდა.

პარლამენტის გადაწყვეტილებით,  2007 წლის ბიუჯეტი 431 მლნ ლარით გაიზარდა და მისმა შემოსავლებმა და გრანტებმა  – 4.7 მლრდ ლარი, ხოლო ხარჯებმა კი 5.1 მლრდ ლარი შეადგინა.


ხარჯებში ლომის წილი თავდაცვის სამინისტროზე მოდის  – 316 მლნ ლარი. შედეგად, თავდაცვის დაფინანსება 2007 წელს 1.271 მლრდ ლარს გადააჭარბებს. ეს თანხა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილის 22%-ს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7%-ზე მეტს შეადგენს.


დანარჩენი საბიუჯეტო ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება:


შინაგან საქმეთა სამინისტრო – 51 მლნ ლარი, საიდანაც 11.5 მლნ სასაზღვრო პოლიციას, ხოლო 125 ათასი ლარი კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოხმარდება;
იუსტიციის სამინისტრო – სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის – 11.8 მლნ ლარი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 2007 წლის რთველის ღონისძიებებისათვის – 5.5 მლნ ლარი;
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო – 4.7 მლნ ლარი;
ცენტრალურ საარჩევნო კომისია – 3 მლნ ლარი;
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია –  767.0 ათასი ლარი;    
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები – 40.0 მლნ ლარი.

Exit mobile version