ბაღაფში ზემო კოდორის ხეობის ’გათავისუფლების’ გეგმებზე საუბრობს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განაცხადებით, სოხუმი ზემო კოდორის ხეობის საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებას ისახავს მიზნად. 


”სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ძალიან რთულია და საომარი მდგომარეობაა, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ აგრესორის გვერდით, რომელმაც არ იცის საუბარი. იცის მხოლოდ მზაკვრობებისა და პროვოკაციების კეთება, ამიტომ მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არ მოისვენებს აფხაზეთი მანამ, სანამ არ გაათავისუფლებს კოდორის ხეობის ზემო ნაწილს,”- განაცხადა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას 21 სექტემბერს.


მისი თქმით, 20 სექტემბერს აფხაზურ და ქართულ ძალებს შორის შეტაკება ტყვარჩელის რაიონში მოხდა და ეს იყო საქართველოს მხრიდან განხორციელებული ”აგრესია”. 


შეტაკების შედეგად, რომელსაც თბილისის განცხადებით, კოდორის ხეობის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი, ორი აფხაზი მებრძოლი იქნა მოკლული, ორი დაიჭრა, ხოლო შვიდი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. 


სოხუმი ულტიმატუმს აყენებს და იმ შემთხვევაში, თუ თბილისი თავს აარიდებს დაკავებული მეომრების გადაცემას და გამოძიებას, რომელიც გაეროს ეგიდით წარიმართება,  რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებით იმუქრება. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.


”უნდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ძალა და საშუალება, რომ იქ ჩავატაროთ ნებისმიერი ოპერაცია. თუმცა გვესმის, რომ ამას მოჰყვება მრავალმასშტაბური მოვლენები და ეს გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში,”- აღნიშნავს შამბა.  


 


 

Exit mobile version