თბილისი “უკიდურეს შეშფოთებას” გამოთქვამს დღეს ცხინვალში ე.წ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის გამართვის და მასში რუსეთიდან სასაზღვრო კონტოლის გარეშე შემოსული ”კაზაკების” მონაწილეობის გამო.
”ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს როკის გვირაბის, დიდი გუფთის გზაჯვარედინის და ე.წ. “ზარის გზის” მიმართულებებზე საერთაშორისო კონტროლის დაწესების სასწრაფო აუცილებლობას,”- აცხადებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 20 სექტემბერს, ”ჩვენს მიერ არაერთხელ დაყენებული ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა მხოლოდ დესტაბილიზაციის განზრახულ ხელშეწყობად შეიძლება ჩაითვალოს”.
ქართული მხარე ასევე აკრიტიკებს სამშვიდობოებს რუსეთიდან ”უკანონო ფორმირებების დაუბრკოლებელი შემოსვლისას” უმოქმედობის გამო მაშინ, როცა რუსი მშვიდობისმყოფელების დახმარებით გზების ბლოკადა გამკაცრებული და მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდულია საქართველოს მიმართულებით.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, რუსი სამშვიდობოების მიერ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის და უკანონო სამხედრო ფორმირებების ხელშეწყობა გაართულებს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში რაიმე სახის პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას.
“შსკ-ს ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელება, რომელსაც ასე დაჟინებით მოითხოვს რუსული მხარე, მთლიანად დამოკიდებულია მათ მზადყოფნაზე, რათა აღკვეთონ რუსეთიდან რეგიონში არასტაბილურობის ექსპორტი და შეასრულონ ამ ფორმატში აღებული ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში.
შსკ-ს სხდომა სექტემბრის მეორე ნახევარში თბილისში იგეგმება, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.