საქართველოში წელს ყურძნის მოსავალი, დაახლოებით, 200 ათას ტონამდე იქნება, განაცხადა 19 სექტემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის ღვინის ქარხნებმა, რომელთა რაოდენობაც 50-ს აღწევს, უკვე 2 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს, 800 ტონამდე ყურძენი კი საცალო და საბითუმო ბაზრებზე იყიდება. წინასწარი მონაცემებით, კერძო სექტორიდან, დაახლოებით, 44 ათას ტონა ყურძენზე იქნება მოთხოვნა.
”ხარისხიანი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება”, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მთავრობა რთველის ღონისძიებებზე 5 მლნ ლარზე მეტი თანხის გამოყოფას გეგმავს საბიუჯეტო ცვლილებების ფარგლებში.
რთველის საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც 2006 წლის გაზაფხულზე საქართველომ რუსულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა დაწესებული ემბარგოს გამო დაკარგა.