ცაგარეიშვილი ’თავდამსხმელი კოლეგების’ მიმართ საქმის აღძვრას ითხოვს

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გენერალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით სისხლის საქმე აღიძრას მმართველი პარტიის იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომელთაც 18 სექტემბერს იგი სცემეს.

ცაგარეიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ”საკმარისზე მეტი მტკიცებულება” არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ დეპუტატებმა კობა დვალიშვილმა და ვახტანგ ბალავაძემ პოლიტიკური მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ცაგარეიშვილს. ინციდენტში ფიგურირებს ასევე მესამე დეპუტატი მმართველი პარტიიდან გიორგი იმნაძე.

18 სექტემბერს ბალავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან დაურეკა ცაგარეიშვილს და შეხვედრა სთხოვა მას შემდეგ, რაც მან უმრავლესობის დეპუტატების ”შეურაცხმყოფელი განცხადებები” გააკეთა. 14 სექტემბერს ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მმართველი პარტიის  140 დეპუტატს ”ღირსებაშელახული” და ”უღირსი” უწოდა, რომლებიც მისი თქმით, ”სულში ჩაფურთხებას იტანენ წლების მანძილზე და ხმას არ იღებენ”.

”მე შევხვდი გია ცაგარეიშვილს და ეს შეხვედრა უკავშირდებოდა მის ბოლოდროინდელ განცხადებებს,”- განაცხადა ბალავაძემ, ”ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე და მან აღიარა, რომ გააკეთა პოლიტიკურად არაკორექტული განცხადებები და ბოდიშიც მოიხადა”.

”როდესაც მე წამოვედი, კობა დვალიშვილი მივიდა ცაგარეიშვილთან და დაიწყო მასთან საუბარი,”- აცხადებს ბალავაძე. ”რამდენადაც მე ვიცი, საუბრის დროს, გიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კობა დვალიშვილს, რაც გადაიზარდა მცირე კამათში, რომელიც წუთზე ნაკლები ხანი გაგრძელდა”. 

გავრცელებული ინფორმაციით, ცაგარეიშვილი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან რამდენიმე საათი დაჰყო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაგმეს ეს ინციდენტი და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. მათი განცხადებით, ამგვარი ქმედებების მიზანი ოპონენტების დაშინებაა.

”ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციონერი დეპუტატების დაშინებას ცდილობს,”- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ 18 სექტემბერს. ”ეს იყო პოლიტიკური მიზეზით ანგარიშწორების აშკარა შემთხვევა”.

გია ცაგარეიშვილი და კოკა გუნცაძე მოიაზრებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გუნდში და მისი მომავალი პარტიის პოლიტიკურ სახეებად.

ამავდროულად, ოქრუაშვილთან დაახლოებული კიდევ ორი დეპუტატი, თეო ტლაშაძე და ქეთი მახარაშვილი, რომელთაც სულ ახლახანს დატოვეს მმართველი პარტია, გეგმავენ დაარწმუნონ კოლეგები შეუერთდნენ მათ განცხადებას, რომელიც გმობს გუშინდელ ინციდენტს.

”მე ამას შევაფასებდი, როგორც წინასწარი განზრახვით ფიზიკური ძალადობის განხორციელება,” – განაცხადა ქეთი მახარაშვილმა.

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გარკვეულწილად გაამართლა თანაპარტიელების ქმედება.

”ცაგარეიშვილს ბოდიში უნდა მოეხადა იმისათვის, რაც მან თქვა,” – განუცხადა მაჭავარიანმა ტელეკომპანია ”მზეს” 19 სექტემბერს, ”როდესაც ასეთ რამეს ამბობ, უნდა იცოდე, რომ ვიღაცას ამაზე რეაქცია ექნება, იმიტომ რომ ეს არის საქართველო და ეს არის ქართული მენტალიტეტი, რაც გაიძულებს რეაგირება მოახდინო შეურაცხყოფაზე”.

ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გააოცა გენერალური პროკურატურის უმოქმედობამ.

”ორივემ [დვალიშვილმა და ბალავაძემ] თითქმის აღიარებითი ჩვენება მისცეს და დაადასტურეს, რომ ისინი მონაწილეობდნენ ქუჩურ გარჩევაში, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე ჰქვია პოლიტიკური მოტივაციით თავდასხმა. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული,”  – განაცხადა ბესელიამ 19 სექტემბერს, ”მე გაოცებული ვარ, რომ პროკურატურა დუმს ამ ფაქტზე”.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტის წევრს იმუნიტეტით იცავს, ის ამის გამო არ ზღუდავს სამართალდამცავ სტრუქტურებს სისხლის სამართლის საქმე აღძრან დეპუტატის წინააღმდეგ. 

ოპოზიციონერ დეპუტატს რესპუბლიკური პარტიიდან ვალერი გელაშვილს (2006 წელს მას პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა) 2005 წლის ივლისში, თბილისის ცენტრში შეიარაღებული ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს.

ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ განაცხადეს, რომ ეს თავდასხმა ხელისუფლების მიერ შურისძიების მიზნით იყო ორგანიზებული. გელაშვილს პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი ოჯახის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი. დღემდე ამ თავდასხმის გამო პასუხი არავის უგია. 

Exit mobile version