თავდაცვის სამინისტრო დამატებით თანხებს დაახარჯავს საბრძოლო მასალების და კავშირგაბმულობის საშუალებების შეძენას, ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობას და სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციას, განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვერა ძნელაძემ 8 სექტემბერს.
საპარლამენტო კომიტეტებმა 8 სექტემბერს დაიწყეს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა, რომელიც ხარჯების 430 მლნ ლარით ზრდას ითვალისწინებს, ნაცვლად თავდაპირველად გამოცხადებული 450 მილიონი ლარისა.
ცვლილებების შედეგად, რომელსაც პარლამენტი 25 სექტემბრამდე დაამტკიცებს, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის პირველადი განხილვა საკანონმდებლო ორგანოში 14 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შედგება.
გაზრდილ ხარჯებში ლომის წილი – 315.8 მლნ ლარი თავდაცვის სამინისტროზე მოდის, ნაცვლად თავდაპირველად გამოცხადებული 320 მილიონი ლარისა.
შედეგად, თავდაცვის დაფინანსება 2007 წელს 1.271 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
ეს თანხა ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილის 22%-ს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7%-ზე მეტს შეადგენს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მშპ წელს, მთავრობის პროგნოზით, 10 მილიარდამდე აშშ დოლარი იქნება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საუბრისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვერა ძნელაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის ზრდის შედეგად გათვალისწინებულია ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა ხონში, რომელიც დასავლეთ საქართველოში მეორე იქნება 2005 წელს გახსნილი სენაკის ბაზის შემდეგ.
ამავე ინფორმაციით, ხონის ბაზაზე შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადა განთავსდება 3500-მდე სამხედროს შემადგენლობით.
ძნელაძის თქმით, გაზრდილი თანხების გადანაწილება ასევე იგეგმება საბრძოლო მასალების და კავშირგაბმულობის საშუალებების შეძენასა და საფრენი აპარატების, ტანკებისა და მცურავი საშუალებების მოდერნიზაციაზე.
საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციას სამხედრო შესყიდვების თაობაზე არ ახმოვანებს, რის გამოც ოპოზიცია მას ხშირად აკრიტიკებს. თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველო ”საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად” გამანადგურებლების შეძენას აპირებს.
ამ განცხადებამდე ოთხი დღით ადრე თბილისმა განაცხადა, რომ რუსული სუ-24 ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად ანტი-სარადარო რაკეტა ჩამოაგდო. საქართველოს ამჟამად სუ-25 ტიპის თვითმფრინავები ჰყავს, რომლის დანიშნულებაც სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მიტანაა.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარტინ ბარტაკმა მაისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან სულ ცოტა ათი L-159 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვის თაობაზე. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია დასრულდა თუ არა მოლაპარაკებები ამ საკითხზე.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ უკრაინისგან შეიძინა OSA-ს ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა თავისი რაკეტებით, ასევე AGS-17 ტიპის 60 ავტომატური ყუმბარმტყორცნი და კალაშნიკოვის AK-47 და AKM ტიპის 20 000 ცეცხლსასროლი იარაღი.
ვერა ძნელაძის განცხადებით, გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში ასევე იგეგმება დასავლეთ საქართველოში მდებარე კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაცია და გორსა და თბილისში სამხედროთა ბინების მშენებლობა.
თავდაცვის სამინისტრო გორის სამხედრო ჰოსპიტლის ბაზაზე ე.წ სისხლის ბანკის შექმნას აპირებს, რომლითაც ისარგებლებენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირები.
ასევე დაგეგმილია რეზერვისტების მოსამზადებელი პროგრამისა და ერაყში განთავსებულ სამხედროთა დაფინანსების ზრდაც. ზაფხულში საქართველომ ერაყში სამხედროთა რაოდენობა 850-დან 2 000-მდე გაზარდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყანა სულ ცოტა 100 000 რეზერვისტის მომზადებას გეგმავს.
საბიუჯეტოს ცვლილებების ფარგლებში ასევე იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 51 მლნ ლარით, საიდანაც 11.5 მლნ სასაზღვრო პოლიციას, ხოლო 125 ათასი ლარი კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოხმარდება.
უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ეს უკვე მეორე ცვლილებაა. პარლამენტმა 8 ივნისს მხარი დაუჭირა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 600 მილიონით გაზრდას. მაშინაც, გაზრდილი თანხების ძირითადი ნაწილი – 442 მილიონი ლარი – თავდაცვის სამინისტროს ერგო.