დღეს საღამოს, კანცელარიაში იგეგმება პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან, რომელსაც ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე განიხილავენ იმ უჩვეულოდ მწვავე განცხადებებს, რომელიც ნინო ბურჯანაძემ 4 სექტემბერს გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურის შერჩევა მასთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა.
ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს და პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებების შემდეგ ბევრი დეპუტატი მედიასთან ურთიერთობისას დაბნეულადაც კი გამოიყურება.
უმრავლესობის ნაწილი ბურჯანაძის პოზიციას იზიარებს ან საერთოდ დუმილს ამჯობინებს, მაშინ როცა ნაწილი აცხადებს, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ლექსო ალექსიშვილი, რომელიც პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის პროტეჟედ მიიჩნევა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისათვის ღირსეული კანდიდატურაა.
კონსერვატორი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ვარაუდით, ნინო ბურჯანაძეს დღეს თანაგუნდელები ”ამხანაგურ სასამართლოს” მოუწყობენ. თუმცა არსებობს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ბურჯანაძე ასეთ მწვავე განცხადებებს გარკვეული მხარდაჭერის გარეშე არ გააკეთებდა.