ზემო კოდორის ხეობაში ”თვითმფრინავის ჩამოვარდნის” ინციდენტის დეტალები, სავარაუდოდ, დარჩება აფხაზური და ქართული მხარეების ვარაუდების წყარო, რადგანაც ეს საქმე კვლავ გაუხსნელი რჩება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის განაგრძობს იმ მტკიცებულებების ძებნას, რომლითაც დადგინდება მართლაც ჩამოვარდა თუ არა ამოუცნობი საფრენი აპარატი კოდორის ხეობაში მას შემდეგ, რაც ქართულმა ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოჭრილ, სავარაუდოდ, რუსულ თვითმფრინავს ”გამაფრთხილებელი ცეცხლი” გაუხსნეს.
”ჯერ-ჯერობით ახალი ამ კუთხით არაფერია, სამძებრო სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს და თუ როდის დასრულდება ის გაურკვეველია”, – განუცხადა შოთა უტიაშვილმა, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, Civil.ge-ს 27 აგვისტოს, ინციდენტიდან ხუთი დღის შემდეგ. ოფიციალური პირების განცხადებით, ძებნის ოპერაციას რთული ადგილმდებარეობაც ართულებს.
პირველივე დღიდანვე ინციდენტის შესახებ ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდებოდა. 24 აგვისტოს პიროვნებამ, რომელიც როგორც ”თვითმხილველი” ესაუბრა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს კოდორის ხეობიდან, განაცხადა, რომ თვითმფრინავი აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ლათას ხეობაში ჩამოვარდა. ”თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან კვლავ შეინიშნება შავი კვამლი,” – განაცხადა მან.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ზემო კოდორის ხეობაში ჩამოვარდა, თუმცა ინციდენტის ადგილამდე მისვლა შეუძლებელი იყო მისი რთული ადგილმდებარეობის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა დაადასტურა, რომ მართლაც განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა, ოფიციალურ დონეზე ქართულ მხარეს არ დაუდასტურებია თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი. შსს-ს ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა თვითმფრინამა თავად გაისროლა ჭურვები, რამაც გამოიწვია ცეცხლის ალი მთებში, რაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეცდომით აღიქვეს როგორც ჩამოვარდნილი თვითმფრინავი.
აფხაზური მხარის ინფორმაცია სავარაუდოდ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შესახებ ასევე ურთიერთსაპირისპირო იყო. თავდაპირველად, ოფიციალურმა სოხუმმა უარყო ინფორმაცია, რომ 22 აგვისტოს კოდორის ხეობას თვითმფრინავმა გადაუფრინა. თუმცა, მოგვიანებით 25 აგვისტოს, აფხაზეთის ოფიციალურმა პირებმა, მიხვდნენ რა, რომ თბილისი ვერ ადასტურებდა რუსული ან აფხაზური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ან გადაფრენის ფაქტს, განაცხადეს, რომ 22 აგვისტოს ქართული თვითმფრინავი შემოფრინდა აფხაზეთში შავი ზღვიდან, რომელიც შემდეგ ზემო კოდორის ხეობაში ჩამოვარდა.
გარდა ამისა, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია თვითგამოცხადებული რეგიონის გენშტაბის უფროსის ანატოლი ზაიცევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ეს შესაძლოა ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი ყოფილიყო. თუმცა, მოგვიანებით ზაიცევმა უარყო მსგავსი განცხადების გაკეთების ფაქტი და განაცხადა, რომ ეს საფრენი აპარატი ქართულ მხარეს ეკუთვნოდა.
27 აგვისტოს მან განაცხადა, რომ აფხაზური მხარე განაგრძობს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებების გამოძიებას. ”სიტუაცია მხოლოდ რამდენიმე დღეში გაირკვევა. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მკაფიო პასუხები გავცეთ არსებულ კითხვებს,” – განაცხადა ზაიცევმა.
ქართული მედია, რომელიც თავდაპირველად საკმაოდ ფართოდ აშუქებდა ინციდენტს, ბოლო დროს დუმილს ამჯობინებს ახალი გარემოებების არარსებობის გამო.