საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფის დასკვნა – სრული ტექსტი

წინამდებარე ანგარიში ასახავს ესტონეთის, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს ექსპერტთა მიერ წითელუბნის, საქართველო მახლობლად მომხდარი რაკეტის ჩამოგდების ინციდენტის 2007 წლის 18-19 აგვისტოს ჩატარებული გამოძიების შედეგებს.


ექსპერტთა ჯგუფი


ესტონეთი:
ბრიგადირ-გენერალი ველო ლოემაა – სამხედრო თვითმრფინავ სუ-24 (24M)-ის ყოფილი მფრინავი – ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო;
ლეიტენანტი მაერთ მაეგი – რადარის ესქპერტი – ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო.


პოლონეთი:
მაიორი ანდრჟეი ვიტაკი – სამხედრო თვითმრფინავ სუ-22-ის მფრინავი – საჰაერო ძალების სარდლობა;
კაპიტანი პრჟემისლავ პულკა – სამხედრო შეიარაღების ინჟინერი – საჰაერო ძალების აკადემია.


გაერთიანებული სამეფო:
ბ-ნი კიმ ბეიკერი – სარაკეტო სისტემების ექსპერტი – გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.


რეზიუმე



მიღებული ანგარიშები


აღნიშნული ჯგუფი გაეცნო ინციდენტთან დაკავშირებით ადრე ჩატარებული გამოძიების შედეგების ამსახველ შემდეგ ანგარიშებს:


1.ეუთოს მიერ შემთხვევის ადგილზე 2007 წლის 8 აგვისტოს მომზადებული ანგარიში «წითელუბანში ჩამოგდებული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით»;


2.ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში;


3.სპეციალური საგამოძიებო კომისიის ანგარიში «2007 წლის 6 აგვისტოს სოფ. წითელუბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით»;


4.«საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის 2007 წლის 14 აგვისტოს ანგარიში, რომელიც აწარმოებდა გამოძიებას 2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცხის შესაძლო დარღვევებისა და სოფ. წითელუბანთან, საქართველო რაკეტის ამოღების ფაქტთან დაკავშირებით».


ექსპერტთა მეორე საერთაშორისო მთავრობათაშორისი ჯგუფის (IIEG-2) მიერ ჩატარებული გამოძიების აღწერა


IIEG-2-მა მოინახულა რაკეტის ჩამოგდებისა და რადარის განლაგების ადგილები, საქართველოს საჰაერო სამხედრო ძალების მარნეულის ბაზა, შინაგან საქმეთა სამინისტრო (სადაც ჩატარდა რაკეტის ნამსხვრევების ექსპერტიზა) და საქართველოს ცენტრალური სამეთაურო პუნქტი (სარადარო საგუშაგო). ამასთან, ჯგუფმა შეაჯერა ექსპერტიზის შედეგები რაკეტის გაშვების შესაძლო გარემოებათა დადგენის მიზნით. დანართში A წარმოდგენილია მთელი რიგი კომენტარები, რომლებიც შეეხება მანამდე ჩატარებული სამუშაოს და რომელიც ამ ჯგუფის მიერ იქნა განხილული.


IIEG-2-ის მიერ განხორციელებული ვიზიტების შედეგად მიღებული მონაცემები


ვიზიტი მარნეულის სამხედრო საჰაერო ბაზაში


მარნეულში განლაგებული საქართველოს სამხედრო საჰაერო ბაზის ინსპექტირებისას, ჯგუფმა შეამოწმა საქართველოს ძალების შეიარაღებაში არსებული სუ-25 ტიპის ათივე სამხედრო თვითმფრინავი. ჯგუფის სამხედრო საჰაერო საკითხების ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ამ თვითმფრინავებს არ გააჩნიათ ის აუცილებელი აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა Kh-58 ტიპის რაკეტის გადასატანად ან გამოსაყენებლად.


საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალებს გააჩნიათ სუ-25 ტიპის თვითმფრინავის სამი მოდელი. პირველი ორი მოდელის (ერთი და ორ ადგილიანი საწვრთნელი თვითმფრინავები) კაბინის დეტალები ჯგუფის სუ ტიპის თვითმფრივანების ექსპერტებისთვის ნაცნობია. მათ დაადასტურეს, რომ კაბინები არ არის აღჭურვილი სპეციალური დისპლეებით, რომლებიც აუცილებელია Kh-58 ტიპის რაკეტის სამართავად. სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მესამე მოდელს (რომელიც ყველაზე თანამედროვეა) გააჩნია აბსოლუტურად მოდერნიზებული კაბინა, რომელიც აღჭურვილია დისპლეის ბრტყელი პანელებით და მფინავის თავზე განთავსებული დისპლეით. ისრაელის «ელბიტ კომპანიის» მიერ ამ თვითმფრინავზე განხორციელებული მონაცემთა მართვის სისტემისა და მოდერნიზაციის პროგრამის ტექნიკური დოკუმენტაციის გულდასმით შემოწმების შემდეგ დადგინა, რომ სუ-25 ტიპის თვითმფრინავის არც მოდერნიზებულ მოდელს არ შეუძლია Kh-58 ტიპის რაკეტის გადატანა ან მართვა.


ამასთანავე, შემოწმდა სამხედრო საჰაერო ბაზაზე განთავსებული იარაღის საწყობი, სადაც არ დადასტურდა Kh-58 ტიპის რაკეტის ან ასეთი რაკეტის გასაშვებად აუცილებელი გაშვების პილონის (AKU-58) ან სამიზნე მოწყობილობის (WJUGA) არსებობა.


ვიზიტი რაკეტის ჩამოგდების ადგილზე


18 აგვისტოს ჯგუფმა მოინახულა რაკეტის ჩამოგდების ადგილი წითელუბნის მახლობლად და იპოვა რაკეტის ნამსხვრევები, კერძოდ, მართვის პანელი და რადომის ფრაგმენტები. აღმოვაჩინეთ, რომ რაკეტის დაცემის შედეგად წარმოქმნილი კრატერი გაეწმინდათ და ამოევსოთ, ხოლო რაკეტის ნამსხვრევები თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე ხნით ადრე წაეღოთ. GPS-ზე დაყრდნობით, ჩვენ დავადასტურეთ, რომ რაკეტის დაცემის ადგილი ემთხვეოდა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის 2007 წლის 14 აგვისტოს ანგარიშში მითითებულ ტერიტორიას.


ვიზიტი რადარის განლაგების ტერიტორიაზე


18 აგვისტოს ჯგუფმა მოინახულა გორის ახლოს მდებარე 36D6-M რადარი (ნატო-ს სტანდარტით TIN SHIELD). დაიკითხა რადარის ობიექტის მეთაური და რადარის ის ოპერატორი, რომელიც ინციდენტის დროს მორიგეობდა. დადგინდა, რომ სარემონტო სამუშაოების გამო რადარმა სრულად ამოქმედება შეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი გაფრინდა საქართველოს საჰაერო სივრცეში მეორედ შემოჭრის შემდეგ; სულ თვითმფრინავმა სამი შეჭრა განახორციელა. თვითმფრინავი შემობრუნდა და გაფრინდა რადარის მიმართულებით, რაც დააფიქსირა რადარმა და ასევე რადარის გათვლის ერთ-ერთმა წევრმა. თვითმფრინავიდან გაუშვეს რაკეტა, რაც დაინახა ჯგუფის წევრმა და ასევე დააფიქსირდა რადარმა, მანამ ვიდრე ის გამოირთვებოდა. სავარაუდოდ, რადარი გამოირთო რაკეტის გაშვებიდან ძალზედ მოკლე ხანში. რადარის გათიშვა სტანდარტული პროცედურაა სარაკეტო თავდასხმის დროს. თვითმხილველმა დააფიქსირა რაკეტიდან წარმოქმნილი კვამლის ზოლი. რადარის ადგილიდან არ ჩანს რაკეტის დაცემის ადგილი. როგორც კი თვითმფრინავმა განახორციელა მანევრი ტერიტორიის დატოვების მიზნით, რადარი კვლავ ჩაირთო და დააფიქსირა თვითმფრინავის გასვლა საქართველოს საჰაერო სივრციდან.


რადარის გათვლის მეთაურთან ჩატარებული საუბრის შედეგად გაირკვა, რომ ამ ტიპის რადარს (36D6-M) არ გააჩნია სიმულაციის (მოდელირების) ფუნქცია. ქართულმა მხარემ სარადარო სისტემა ამგვარი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე შეიძინა.


რადარის ანალიზი


საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა ჯგუფს წარუდგინეს საქართველოს ცენტრალური მართვის პუნქტში მიღებული საჰაერო სურათი და ასევე ინციდენტის მომენტიდან სამგანზომილებიანი 3D სამხედრო რადარის მიერ დაფიქსირებული მონაცემები. ამ ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი თვითმფრინავები დაფიქსირდა საქართველოს საჰაერო სატრანსპორტო კონტროლის სამსახურის ორგანზომილებიან 2D ძირითადი რადარისა და ასევე საქართველოს სამხედრო 3D ძირითადი რადარის მიერ. ამასთან, ჩანაწერმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავს არ ჰქონდა გააქტიურებული ტრანსპონდერი, რადგან არ იყო დაფიქსირებული რაიმე რეაგირება აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში განლაგებული მეორადი რადარების იმპულსებზე. ეს ნიშნავს, რომ მეორადმა რადარებმა ვერ შეძლეს თვითმფრინავების შემჩნევა და შესაბამისად დაფიქსირება.


საქართველოს მხარის მიერ მიღებული საჰაერო სურათი გადაეცა რუსეთს. რუსეთის მხარემ, რომელიც უარყოფს ამ ინციდენტში მის მონაწილეობას, წარმოადგინა საჰაერო სურათის თავისი ვერსია. ეს საჰაერო სურათი ემთხვევა ინციდენტის მომენტს და რეგიონს, თუმცა შეიცავს მხოლოდ მეორადი რადარების მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, რუსული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვერ ადასტურებს მათ პოზიციას.


რაკეტის ნამსხვრევების ექსპერტიზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისი


კვირას, 19 აგვისტოს ჩვენ ვეწვიეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვახდინეთ რაკეტის ჩამოგდების ადგილიდან ამოღებული ნამსხვრევების ინსპექტირება. ძირითადი დასკვნებია:


1.ძრავა მთლიანად იყო დამწვარი, რაც მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა რაკეტის გასროლას ან გაშვებას. რაკეტა რომ თავიდან მოშორების მიზნით გადმოეგდოთ, როგორც ეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება, ძრავა არ იქნებოდა დამწვარი.


2.რაკეტის ქობინის ბუდეზე მოცემულია აღნიშვნები, რომლებიც მათ განადგურებამდე ფოტოზე აღბეჭდეს. ამ აღნიშვნებში მითითებულია რაკეტის დამზადების თარიღი: 1992 წლის ოქტომბერი. აქედან გამომდინარე, რაკეტა დამზადებულია რუსეთის ფედერაციისთვის და არა საბჭოთა ძალებისთვის.


3.მსგავსი თარიღები დაფიქსირებულია სხვა დეტალებზეც. ასევე მოცემულია აღნიშვნები, რომლებიც მიუთითებს, რომ რაკეტა წარმოადგენს U მოდელს (Kh-58U).


4.რაკეტის რადომი იყო შავი ფერის მეტალის დაბოლოებით.


5.ამოღებული «დასავლური დეტალებიდან» აღსანიშნავია შვეიცარული წარმოების ორი DC/DC კონვერტორი და არა ჩიპების.


6.ამოღებულ იქნა რაკეტის ანტენის ნაწილი (მიმართულების დამდგენი) შემდგომი ანალიზისთვის, რათა განსაზღვრულიყო რაკეტის მაძიებელში მიმღების ოპერაციული სიხშირის ფარგლები.


7.ჯგუფს წარედგინა რაკეტის ჩამოგდების ადგილიდან მოშორებით ჩატარებული რაკეტის ქობინის განადგურების პროცესის ვიდეოჩანაწერი.


საბოლოო ჯამში, ამოღებული ნაწილები ადასტურებს, რომ გასროლილი რაკეტა წარმოადგენს Kh-58 (AS-11, NATO-სახელწოდებით KILTER) ჰაერი-ზედაპირის ტიპის ანტი-რადარული რაკეტის ორიგინალ მოდელს (კატეგორია: Kh-58U) და რაკეტის ეს მოდელი არ არის განკუთვნილი ექსპორტისთვის.


შესაძლო გასროლა გადასატანი საზენიტო დანადგარიდან (MANPAD)


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თვითმხილველმა შენიშნა MANPAD-იდან (გადასატანი საზენიტო დანადგარი) რაკეტის გაშვება თვითმფრინავიდან ჰაერი-ზედაპირის ტიპის რაკეტის გაშვებამდე. MANPAD-ის გასროლა მოხდა თვითმფრინავის მარჯვენა მხრიდან, როგორც კი ის მიუახლოვდა რადარს. ჯგუფმა შეამოწმა ტიპიური MANPAD-ების მოქმედებისა და სავარაუდო სროლის პოზიციის მონაცემები, თვითმფრინავის სიჩქარისა და ფრენის სიმაღლის გათვალისწინებით და მიიჩნია, რომ ძალზედ ნაკლებად სავარაუდოა MANPAD-ის მიერ თვითმფრინავის ამ პირობებში დაზიანება.


შესაძლო სცენარი


ჯგუფმა შეაჯერა ექსპერტიზის შედეგები მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარის დადგენის მიზნით.


ინციდენტი დაიწყო საქართველოს საჰაერო სივრცეში თვითმფრინავის შემოჭრით, რომელიც გაემართა გორთან განლაგებული რადარის მიმართულებით. ცენტრალურმა მართვის პუნქტმა იცოდა ამის შესახებ, რადგან რამდენიმე რადარის (სამოქალაქოს ჩათვლით) მონაცემები დაფიქსირდა მათ საჰაერო სურათზე. პირველი შემოჭრის ნაწილი დააფიქსირა სამგანზომილებიანმა 3D რადარმა, მაგრამ ინფორმაცია არ გაეგზავნა თბილისში განლაგებულ ცენტრალური მართვის პუნქტს. რადარმა შეძლო შემოჭრის მხოლოდ ნაწილის დაფიქსირება, რადგან ამ დროს მიმდინარეობდა მისი გამართვა.


მასამე შემოჭრისას, თვითმფრინავი შებრუნდა რადარისკენ და რადარმა დააფიქსირა თვითმფრინავის მოძრაობის მთლიანი ტრაექტორია რაკეტის გაშვებამდე. ამ დროს რადარი გამოირთო. რაკეტის გაშვებამდე თვითმფრინავის შეიარაღების სისტემამ გადასცა ინფორმაცია რადარის ადგილმდებარეობის შესახებ ჯერ კიდევ პილონზე მიმაგრებულ რაკეტას. გასროლის შემდეგ რაკეტა მოშორდა თვითმფრინავს და დაახლოებით მისგან 50 მეტრის მანძილზე ჩაერთო ძრავა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ რადარის გათვლის წევრმა დაინახა რაკეტის გამოშვება და კვამლის ზოლი. რეგიონის მთიანი რელიეფის გამო, თვითმფრინავის სიმაღლე მხოლოდ მცირედით, შესაძლოა 1-1.5 კილომეტრით განსხვავდებოდა რადარის განლაგების სიმაღლისგან. რაკეტის გაშვების შემჩნევისთანავე, გათვლამ გამორთო რადარი. ამ დროს თვითმფრინავი დაახლოებით 10 კილომეტრით იყო რადარიდან დაცილებული. აქედან გამომდინარე, გაშვების შემდეგ რაკეტამ ვეღარ აღმოაჩინა აქტიური სამიზნე რადარი. ასე რომ, Kh-58U-ს მოუწია სამიზნედ რადარის მხოლოდ იმ ადგილმდებარეობის გამოყენება, რომელიც თავდაპირველად განისაზღვრა თვითმფრინავის სენსორების მიერ. სავარაუდოდ, გაშვების მოკლე დისტანციის გამო, რაკეტამ აიღო პირდაპირი კურსი რადარის თავდაპირველად განსაზღვრული ადგილმდებარეობისკენ. 3-5 კილომეტრიანი ცდომილება ასეთ შემთხვევაში დასაშვებია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ შეუძლებელი იყო თავდაპირველად განსაზღვრული ადგილმდებარეობის დამატებითი დაზუსტება. საჭიროა რამდენიმე ოპერაციის ჩატარება, რათა მოხდეს რაკეტის ქობინის სწორად გამართვა. მოკლე დისტანციამ და თანაბარმა სიმაღლემ (თვითმფრინავის ფრენისა და რადარის მდებარეობის სიმაღლე) შესაძლოა ხელი შეუშალა სრული მოქმედებების თანმიმდევრულად განხორციელებას.


არსებული შეტყობინებით, MANPAD-ის გასროლა მოხდა იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი მიფრინავდა რადარის მიმართულებით მესამე შემოჭრისას. არ არის დადგენილი, მიაყენა თუ არა რაკეტამ რაიმე დაზიანება თვითმფრინავს ან Kh-58 ტიპის რაკეტას, რომელიც ამ თვითმფრინავს გადაჰქონდა. ასევე არ არის ცნობილი მოახდინა თუ არა თვითმფრინავის ეკიპაჟმა რეაგირება MANPAD-ის სროლაზე ან რა გავლენა მოახდინა MANPAD-ის სროლამ ჰაერი-ზედაპირი ტიპის რაკეტის გაშვებაზე.


Kh-58 ტიპის რაკეტის გაშვების შემდეგ, თვითმფრინავი გაბრუნდა რუსეთის საჰაერო სივრცის მიმართულებით და იგი რადარის მიერ დაფიქსირებულ იქნა რუსეთის საჰაერო სივრცეში.


რეკომენდაციები


Kh-58 ტიპის ჰაერი-ზედაპირი რაკეტის ოპერირებასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე სრული პასუხის გაცემის მიზნით, რეკომენდირებულია დახმარებისათვის მიემართოს რუს მწარმოებელს.


საჭიროა ჩატარდეს დამატებითი მოკვლევა, რათა მოპოვებულ იქნას ინფორმაცია იმ მფრინავებისგან, რომლებიც ამჟამად დაფრინავენ სუ-24 ტიპის თვითმფრინავებით და მართავენ Kh-58 ტიპის რაკეტას.


მიზანშეწონილი იქნებოდა სარადარო ჩანაწერების მიღება მეზობელი ქვეყნებიდანაც, რაც შეავსებდა საქართველოს და რუსეთის მხარის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას.


ჯგუფს მიაჩნია, რომ ინციდენტის შესახებ დადგინდებოდა უფრო მეტი ჭეშმარიტება, თუ რუსეთი წარმოადგენდა სამხედრო (პირველადი) რადარების ჩანაწერებს უკვე მიღებული მეორადი რადარების ჩანაწერებთან ერთად.


შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია დამყარდეს უფრო მკაცრი კონტროლი და ტრანსპარენტულობა სასაზღვრო რეგიონის საჰაერო სივრცეზე.


2007 წლის 20 აგვისტო


დანართი A


IIEG-2-ის პასუხები ადრე მომზადებული ანგარიშებისა და ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოკვეთილ საკითხებზე


ფიქსირდება თუ არა რუსეთის მონაწილეობა?


თვითმფრინავი გამოფრინდა რუსეთის საჰაერო სივრციდან და დაბრუნდა რუსეთის საჰაერო სივრცეში. რაკეტა რუსული წარმოებისაა. რეგიონში რუსეთი არის ერთადერთი შესაძლო ქვეყანა, რომელსაც აღნიშნული იარაღის სწორად გამოყენების შესაძლებლობა გააჩნია.


არის თუ არა შესაძლებელი, რომ აღნიშნული თავდასხმა ქართველების მიერ იყოს ინსცენირებული?


ჯგუფმა შეამოწმა მარნეულის ბაზაზე არსებული ყველა ქართული თვითმფრინავი და დაადგინა, რომ მათ არ შეეძლოთ Kh-58 ტიპის რაკეტის გამოყენება.


არის თუ არა IIEG-2 წარმომადგენლობითი?


ექსპერტთა ჯგუფი IIEG-2 შედგება პოლონეთის, ესტონეთისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებისგან.


რატომ იჩქარა ქართულმა მხარემ მტკიცებულებათა განადგურება?


უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, განადგურებულ იქნა მხოლოდ რაკეტის ქობინა, ვინაიდან ის შეიცავდა ასაფეთქებელ მასალას (150 კგ TNT) და ასევე უცნობი იყო ამფეთქებლის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ გამოფენილია ამოღებული ნამსხვრევები. საქართველოს მხარემ ვიდეოფირზე აღბეჭდა რაკეტის ამოღების ოპერაცია, ასევე რაკეტის ქობინის მოცილება და განადგურება. ამოღებული ნაწილების სერიული ციფრები შემოწმდა შინაგან საქმეთა სამინიტროში, მათზე აღნიშნულია ქობინის დამზადების თარიღი: 1992 წლის ოქტომბერი.


რამდენმა და რა ტიპის თვითმფრინავმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე?


სამოქალაქო და სამხედრო რადარების მონაცემებით, მონაწილეობდა მინიმუმ ერთი ან, შესაძლოა, ორი თვითმფრინავი. გორში განლაგებული რადარიდან ჯგუფის ერთმა წევრმა უშუალოდ რაკეტის ჩამოგდებამდე შენიშნა ერთი თვითმფრინავი. ექსპერტთა ჯგუფმა ინტერვიუ აიღო ამ წევრისაგან და აჩვენა თვითმფრინავის სურათები ყველაზე მსგავსი თვითმფრინავის ამოცნობის მიზნით. ცხადი იყო, რომ მას არ გააჩნდა რაიმე ცოდნა თვითმფრინავების შესახებ. მან მიიჩნია, რომ სუ-24 ყველაზე მეტად ჰგავდა მის მიერ დანახულ თვითმფრინავს და გამორიცხა სუ-25, MIG-25 და MIG-27 თვითმფრინავების სურათები.


რატომ დაუმიზნეს ქართულ რადარს ასეთი მოკლე დისტანციიდან?


ჯგუფი არ ამტკიცებს, რომ რადარზე განზრახ მიიტანეს იერიში. ჯგუფმა დაადგინა, რომ ერთი რაკეტის გასროლა მოხდა რადარის მიმართულებით, მისგან დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილიდან. ღაკეტა იქნა გასროლილი, რასაც ადასტურებს ის, რომ მისი ძრავის სექცია მთლიანად დამწვარია. დღემდე დაუდგენელია მიზეზი იმისა, თუ რატომ ასცდა რაკეტა მიზანს და რატომ არ მოხდა მისი თვითგანადგურება, მაგრამ შესაძლოა ეს გამოწვეულია რადარის გამოსხივების მცირე დროით რაკეტის გაშვების პერიოდში და მოკლე დისტანციით. ჯგუფს არ გააჩნია მონაცემები სამხრეთ ოსეთში მეორე ჰაერი-ზედაპირის ტიპის რაკეტის ჩამოგდებაზე. არსებობს მონაცემები სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან ერთი MANPAD-ის ტიპის რაკეტის გაშვების შესახებ. ამასთან, საქართველოს მხარემ განაცხადა, რომ მას არ გააჩნდა ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები რეგიონში.

Exit mobile version