ამერიკელი დიპლომატი კოდორის დაბომბვას ეხმაურება

განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს შეეძლო თავად დაებომბა ზემო კოდორის ხეობა ”სასაცილოა”,  განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ 27 ივლისს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში თითს თბილისისკენ იშვერს და აცხადებს, რომ ზემო კოდორის ხეობაზე 11 მარტს განხორციელებული თავდასხმა ”პირველ რიგში ქართულ მხარეს” აწყობდა.


”ვიცი, რომ სხვა ქვეყნებმა გააკეთეს განცხადებები, რომ თითქოს საქართველომ თავად დაბომბა საკუთარი ტერიტორია. ეს სასაცილოა,” – განაცხადა ბრაიზამ. ”ეს იმ პერიოდს მახსენებს, როდესაც სარაევოში ტრაგედია მოხდა, როცა ერთმა მხარემ განაცხადა, რომ ბოსნიელებმა თავად შეუტიეს და ამოხოცეს ერთმანეთი. ეს დაუჯერებელია და დაუშვებელია,” – დასძინა მან.


მან ”ძლიერი” უწოდა თავდასხმის გამოძიების მიგნებებს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენებაში.


გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენება , რომელიც 12 ივლისს გამოქვეყნდა,  მიანიშნებს, თუმცა გადაჭრით არ იძახის, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.


”ეს ნათელს ფენს ზოგიერთ რამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; პირველი: ის, რომ საქართველოს დაესხნენ თავს და მეორე: როგორც ჩანს, თავდასხმაში ვერტმფრენები გამოიყენეს,” – განაცხადა ბრაიზამ.


საქართველომ უკვე მოითხოვა გამოძიების გაგრძელება, რათა ყველა საეჭვო კითხვას პასუხი გაეცეს.


ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ”დროა ეს საკითხი ერთხელ და საბოლოოდ მოგვარდეს და უზრუნველყოფილ იქნას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღარ განმეორდეს თავდასხმები”.


მეთიუ ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ მოხსენებაში გაეროს დამკვირვებელთა მისია სასარგებლო რეკომენდაციებს იძლევა განმეორებითი თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით.


გაეროს დამკვირვებელთა მისია ზემო კოდორის ხეობის სოფელ აჟარაში სადამკვირვებლო პუნქტის ამოქმედების ინიციატივით გამოდის.  მისი რეკომენდაციით, ასეთი პუნქტი უნდა აღიჭურვოს უპილოტო თვითმფრინავებით და საარტილერიო რადარით, რომელთაც გაეროს დამკვირვებელთა მისია მართავს.


თბილისი მიესალმა ამ რეკომენდაციას. თუმცა, სოხუმმა ეს წინადადება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ სოხუმი მხოლოდ მაშინ განიხილავს მას, თუ ქართული ძალები ზემო კოდორის ხეობას დატოვებენ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version