სოხუმი ზემო კოდორის ხეობაში გაეროს სადამკვირვებლო პუნქტის გახსნის წინააღმდეგია

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მიუღებელია თბილისის ინიციატივა ზემო კოდორის ხეობაში გაეროს მისიის სადამკვირვებლო პუნქტის გახსნის თაობაზე, იუწყება ”აფსნიპრესი” 18 ივლისს.


თბილისი ამ წინადადებით 16 ივლისს გამოვიდა მას შემდეგ, რაც გაეროს დამკვირვებელთა მისიამ 12 ივლისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში მიანიშნა, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ახალი სადამკვირვებლო პუნქტი ხელს შეუწყობს მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილებას.


”ჩვენ იქ ვიღაც დამკვირვებლები, რომლებიც იქნებიან ზემო კოდორის ხეობაში ავტონომიური სტრუქტურების ყოფნის გარანტორები, არაფერში არ გვჭირდება,”- განაცხადა შამბამ.


თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხეობას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა და ქართული ძალები დატოვებენ.


შამბა აცხადებს, რომ სოხუმს განზრახული აქვს კოდორის ხეობის პრობლემა მშვიდობიანად მოაგვაროს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ”აფხაზეთი იტოვებს უფლებას გამოიყენოს სხვა მეთოდებიც”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version