სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის და დე ფაქტო ხელისუფლების ინჟინრებმა 17 ივლისს ეუთო-ს მისიის ხელშეწყობით ედისი-ცხინვალის წყალსადენის ანდისი-ცხინვალის მონაკვეთზე ერთობლივი მონიტორინგი ჩაატარეს.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ რეზერვუარში არსებული სასმელი წყლის მარაგი საკმარისია ცხინვალის მოსახლეობისათვის; ”ასევე დადასტურდა, რომ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წყლის 1/3-ი შემოდის”.
ცხინვალის რეგიონში სასმელი და სარწყავი წყლის კრიზისმა, რომელსაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, მხარეთა მწვავე განცხადებები და რეგიონში დაძაბულობა გამოიწვია.
თბილისში აცხადებდნენ, რომ წყლის პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სეპარატისტები უარს აცხადებდნენ დიმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე.
”მონიტორინგის მთავარი შედეგი ისაა, რომ შეიქმნა პრობლემის დეპოლიტიზირების და სპეციალისტთა პირდაპირი თანამშრომლობის რეალური შესაძლებლობა ეუთოს ეგიდით. ვიმედოვნებთ, რომ ამ ბაზაზე ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს ედისი-ცხინვალის წყალსადენის მონიტორინგს ჯავის რაიონში,”- ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე აღნიშნულია, რომ მუშაობა გაგრძელდება საირიგაციო წყალმომარაგების სასწრაფო აღდგენაზე ზემო ნიქოზსა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში .