თბილისი კოდორის დაბომბვიდან დიპლომატიურ დივიდენდებს იღებს

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, აპირებს, თაროზე შემოდოს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნა, რომლის თანახმადაც რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.


მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი ქართველი დეპუტატები უკვე მიესალმნენ გაეროს მისიის მოხსენებას, როგორც თბილისის ”დიპლომატიურ გამარჯვებას”, მათ არც თუ დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს ხელახლა აქციონ აქტიური პოლიტიკური დისკუსიის თემად.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ეს საკითხი გახადოს ”პოლიტიკური ისტერიის ” საგანი.


”ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენდები, რაც კი შეეძლო საქართველოს ამ საქმიდან მიეღო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ხელახლა პოლიტიკური თემის აჟიტირება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი,”- განუცხადა დავით ბაქრაძემ ”სივილ ჯორჯიას” 13 ივლისს.


თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ინციდენტი არ იქნება დავიწყებული. მან არ გამორიცხა, რომ ამ თემას თბილისის ინიციატივით გარკვეული გაგრძელება მოჰყვეს გაეროს ფარგლებში.


საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი რეაქცია რადიკალურად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელიც ქვეყანაში გასულ ოქტომბერს არსებობდა, როდესაც ოფიციალურმა თბილისმა ოთხი რუსი ოფიცერი ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევა. ყველაფერი ეს წამყვანმა ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირი ეთერით გააშუქეს. რუსეთმა ჯაშუშების სკანდალს ეკონომიკური ემბარგოთი უპასუხა. 


გასაოცარია, მაგრამ ქართულმა მედიამ თითქმის ყურადღების მიღმა დატოვა გაეროს მისიის მოხსენება კოდორის დაბომბვის თაობაზე. გამონაკლისი იყო გაზეთი”24 საათი”, რომელმაც გამოაქვეყნა დევიდ სმიტის სტატია. დევიდ სმიტი საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი და პოტომაკის პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარია.   


სტატიაში დევიდ სმიტი (რომელიც გაეროს მისიის მოხსენებას მის გამოქვეყნებამდე გაეცნო) აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში სიმშვიდის შენარჩუნება სწორი არჩევანი იყო.   


”საქართველოს და მის დასავლელ მეგობრებს მოუმწიფებელი დიპლომატიური ხმაური რომ აეტეხათ, შესაძლოა, გამოძიება სხვა კალაპოტში მიმართულიყო, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემდა, საკუთარ ბრალდებებზე თბილისის მისამართით გაეშვირა თითი. თუმცა, პირველ ეტაპზე სიწყნარის შენარჩუნება გულისხმობს, რომ ანგარიშის დასრულების შემდეგ ხმის ამაღლებაა საჭირო,” – აცხადებს ის სტატიაში.


გაეროს მისიის მოხსენება არა მხოლოდ იმას ვარაუდობს, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ კოდორის ხეობის დაბომბვაში, არამედ მიანიშნებს, რომ ხეობას საარტილერიო ცეცხლი აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუხსნეს. ეს მინიშნებითი ენა, რომელიც მოხსენებაშია გამოყენებული, ნათლად ასახავს საქმის პოლიტიკურად მგრძნობიარე ბუნებას.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განცხადებით, გაეროს დამკვირვებელთა მისიამ  ”ირიბად მაინც დაადანაშაულა რუსეთი” დაბომბვაში, რაც ”პირდაპირ აზიანებს რუსეთის იმიჯს”.


”ეს არის გაფრთხილება ყველა რუსეთის მეზობლისთვის, რომ საქმე აქვს ყველაზე თავზეხელაღებულ და ირაციონალურ ჯგუფებთან, ვინც ამ წუთას მოკალათებულები არიან რუსეთის სხვადასხვა ეშელონებში,”- განუცხადა 13 ივლისს ”სივილ ჯორჯიას” რურუამ და აქვე დასძინა, ”მე მჯერა, რომ ეს რუსეთმა გააკეთა”.

Exit mobile version