კოტე გაბაშვილმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს პარლამენტის ბიუროს გაფართოებული სხდომა პროტესტის ფორმით დატოვა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარისაგან ნინო ბურჯანაძისაგან შენიშვნა მიიღო.
”ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ გაბაშვილი სხდომას ტოვებს,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
იგი დეპუტატებს სიჩუმისკენ მოუწოდებდა სხდომაზე, რომელიც საგაზაფხულო სესიის შედეგების შეჯამებას მიეძღვნა და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ”წარმატებულ” საკანონმდებლო მოღვაწეობაზე გააკეთეს ძირითადი აქცენტები ეკონომიკის, ჯანდაცვის, სამართლებრივ, თავდაცვის სფეროებსა და კონფლიქტების მოგვარების კუთხით.
ოფიციალური ინფორმაციით, საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა 288 კანონი მიიღო.
ნინო ბურჯანაძემ დადებითად შეაფასა დეპუტატების საქმიანობა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხებზე, მათ შორის ნატოში ინტეგრაციისა და სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით უმრავლესობისა და ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.