დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ”ობიექტურად” და ”ქართული მხარის მცირე დიპლომატიურ გამარჯვებად” შეაფასეს გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნა, რომლის თანახმადაც რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განცხადებით, გაეროს დამკვირვებელთა მისიამ ”ირიბად მაინც დაადანაშაულა რუსეთი” დაბომბვაში, რაც ”პირდაპირ აზიანებს რუსეთის იმიჯს”.
”ეს არის გაფრთხილება ყველა რუსეთის მეზობლისთვის, რომ საქმე აქვს ყველაზე თავზეხელაღებულ და ირაციონალურ ჯგუფებთან, ვინც ამ წუთას მოკალათებულები არიან რუსეთის სხვადასხვა ეშელონებში,”- განუცხადა 13 ივლისს ”სივილ ჯორჯიას” რურუამ და აქვე დასძინა, ”მე მჯერა, რომ ეს რუსეთმა გააკეთა”.
მიუხედავად ამისა, დეპუტატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ აპირებს ეს საკითხი გახადოს ”პოლიტიკური ისტერიის” საგანი.
”ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენდები, რაც კი შეეძლო საქართველოს ამ საქმიდან მიეღო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ხელახლა პოლიტიკური თემის აჟიტირება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი,”- განუცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ”სივილ ჯორჯიას” 13 ივლისს.
თუმცა მან არ გამორიცხა, რომ ამ თემას თბილისის ინიციატივით გარკვეული გაგრძელება მოჰყვეს გაეროს ფარგლებში.