პარლამენტი გოცირიძის მიმართ რეკომენდაციებით შემოიფარგლა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშის დამტკიცების ნაცვლად, ”ცნობად მიიღო” ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის მიერ 2 თვის წინ დეპუტატების წინაშე გაკეთებული მოხსენება და მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციები წარადგინა.

შესაბამის დადგენილებას 124 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 1-ის წინააღმდეგ.


ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს ან რეკომენდაციების შემცველი დადგენილება უნდა მიეღოთ ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაეყენებინათ, თუმცა ამ უკანასკნელისაგან თავი შეიკავეს.


ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნა რომან გოცირიძის იმპიჩმენტის საკითხი, რისი მოლოდინიც 10 მაისის საპარლამენტო განხილვის დროს გაჩნდა, როცა უმრავლესობის ერთმა ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა ეროვნული ბანკის საქმიანობა. ცოტა ხნის წინ თავად გოცირიძემ უარყო ვარაუდები მისი თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების თაობაზე.


თუმცა გოცირიძეს მოუწევს გაითვალისწინოს პარლამენტის რეკომენდაციები, რომელიც  ეროვნულ ბანკს მოუწოდებს გააძლიეროს მუშაობა ინფლაციური პროცესების პრევენციის მიმართულებით, ასევე  გაამახვილოს ყურადღება იმ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ლარის გაცვლითი კურსის შემდგომ მკვეთრ გამყარებას და გააძლიეროს ზედამხედველობა კომერციულ ბანკებზე; ასევე შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები.


განხილვის დროს დადგენილებას ”ობიექტური და ადეკვატური” უწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.


გოცირიძე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს. ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში კაპიტალის დიდი ოდენობით შემოდინების ფონზე ეროვნული ბანკი ბევრად უფრო რადიკალურ პოლიტიკას უნდა ატარებდეს.

”[ბანკის] საქმიანობა მიკროეკონომიკური მენეჯმენტის თვალსაზრისით შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო. უზარმაზარი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას უფრო რადიკალური და გადამწყვეტი ქმედებები სჭირდება,” – განაცხადა ბენდუქიძემ.


როგორც პარლამენტის დადგენილება, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიიჩნიეს, როგორც სიგნალი გოცირიძის შესაძლო გადადგომისა.


”ეს ნიშნავს, რომ ბატონი გოცირიძე გადადგომისთვის უნდა ემზადებოდეს,” – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა მრეწველთა პარტიიდან 11 ივლისს.


”არსებობს ნათელი მინიშნება [პარლამენტის დადგენილების] სტრიქონებს შორის იმის თაობაზე, რომ მმართველ უმრავლესობას აღარ სურს მისი [გოცირიძის] ყოფნა ამ თანამდებობაზე,” – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი იაშვილმა 11 ივლისს.


ქართული მედიის ვარაუდით, გოცირიძის გადადგომის შემთხვევაში, მის პოსტს ირაკლი კოვზანაძე დაიკავებს. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ცნობით კი, პოტენციულ კანდიდატებს შორის ასევე მოიაზრება სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე.




 

Exit mobile version