სოხუმი შეშფოთებულია თურქული გემის დაკავების გამო

სოხუმი შეშფოთებას გამოთქვამს და ”ქართული აგრესიის” კონტექსტში განიხილავს თურქული გემის დაკავების ფაქტს. ამის შესახებ აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი 9 ივლისს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 


საქართველოს სანაპირო დაცვამ კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 6 ივლისს თურქეთის ეკონომიკურ წყლებში ”ცხელ კვალზე” დევნის შედეგად მას შემდეგ დააკავა, რაც მან ოჩამჩირის პორტი ”კონტრაბანდული” ქვანახშირით დატვირთულმა დატოვა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აფხაზეთის მიმდებარე საზღვაო სივრცე და პორტები დროებით დახურულია ყველა სახის საზღვაო მოღვაწეობისათვის, გარდა ჰუმანიტარულისა.


თბილისში ხაზს უსვამენ, რომ გემის დაკავების ოპერაცია ”სამართალდამცავი ხასიათის” იყო. საქმე აღძრულია საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდული საქონლის გადატანისა და ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე. გემი და ეკიპაჟის 12 წევრი ფოთის პორტში არიან გადაყვანილები.


სეპარატისტული ხელისუფლება  ადასტურებს, რომ გემი ოჩამჩირის პორტიდან გავიდა და თხოვს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჟან არნოს და მეგობართა ჯგუფს იშუამდგომლონ გემის და მისი ეკიპაჟის გათავისუფლების მიზნით.


ამასთან, სოხუმი თბილისს რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებას თხოვს, რათა საქართველოს ”აგრესიული ქმედებები” ახალ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version