”იმედი”: ოფიციალური პირები სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობენ

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ბესო ჯუღელმა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გია ხევიაშვილმა, შესაბამისად, 10 000 შვეიცარული ფრანკის (8 200 აშშ დოლარი) და 1 270 ევროს სახელმწიფო დაფინანსება მოითხოვეს თავიანთი მკურნალობის დასაფინანსებლად, ეს თემა ტელეკომპანია ”იმედმა” გააშუქა.


ტელეკომპანიამ 5 ივლისს განაცხადა, რომ მას ხელში ჩაუვარდა ჯუღელისა და ხევიაშვილის წერილები ჯანდაცვის მინისტრის ლადო ჭიპაშვილის სახელზე, სადაც ისინი დაფინანსებას ითხოვენ.


სიუჟეტი ხევიაშვილის წერილის ციტირებას ახდენს: ”ვარ უმწეო მდგომარეობაში; მესაჭიროება მკურნალობა; გთხოვთ, გამიწიოთ დახმარება”.


ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო დეპუტატმა ჟუღელმა, რომელიც ამჟამად შვეიცარიის კლინიკაში იმყოფება, ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა: ”რა თქვენი საქმეა მე რა დაავადება მაქვს”.


სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია ლადო ჭიპაშვილის წერილი, რომელშიც მინისტრი ავალებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს გადარიცხოს შესაბამისი თანხები.


საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ სურგულაძემ ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, რომ მან მინისტრის მითითებები შეასრულა.


”ჩვენ ვართ აღმასრულებლები და აქედან გამომდინარე, ვასრულებთ იმას, რაც დაგვავალა სამინისტრომ.  ეს არის მინისტრის სპეციალური წერილი და მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს,” – განაცხადა სურგულაძემ.


ტელეკომპანია ”იმედის” ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.      



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version