ოპოზიცია ითხოვს ლომაის უწყებაში ”დარღვევების” საპარლამენტო გამოძიებას

ოპოზიციურმა ფრაქცია ”დემოკრატიულმა ფრონტმა” პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ”დაჟინებით” მოითხოვა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც განათლების სამინისტროში ფინანსური დარღვევების საკითხს შეისწავლის და სამინისტროსა და კონტროლის პალატას შორის გაუგებრობებს დაადგენს.


თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ  უარყო ოპოზიციის მოთხოვნა და განაცხადა, რომ ”მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში” შეიქმნება საგამოძიებო კომისია მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურატურა გამოიძიებს  კონტროლის პალატის მასალებს განათლების სამინისტროში ფინანსურ მდგომარეობაის შესახებ. 


”თუკი განათლების სამინისტროში თანხების დატაცების ფაქტები იყო, ამას საბოლოოდ კომპეტენტური ორგანოების დაადასტურებენ,”- განაცხადა ბურჯანაძემ.


მისი თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი ”დამაჯერებელი” უნდა იყოს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ აღმოჩნდებიან ისინი კონტროლის პალატაში, თუ განათლების სამინისტროში.


საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც განათლების მინისტრი 29 ივნისს პარლამენტში გამოვიდა და უარყო ოპოზიციის ბრალდებები მის უწყებაში 40 მლნ ლარამდე თანხის გაფლანგვის თაობაზე. კახა ლომაიამ კონტროლის პალატის ძველ შემადგენლობას ”არაკომპეტენტური” უწოდა და სამინისტროსგან ფულის გამოძალვის მცდელობაში დაადანაშაულა.


ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ კახა ლომაია დაასახელებს კონკრეტულ გამომძალველებს და აღიძრება სისხლის სამართლის საქმე მინისტრის ბრალდებასთან დაკავშირებით.


”თუ ეს ასე არ მოხდება, აღმოჩნდება, რომ მინისტრის მხრიდან ბრალდება უპასუხისმგებლოდ გაკეთდა,”- დასძინა ბურჯანაძემ. 


 

Exit mobile version