ბურჯანაძემ ’მნიშვნელოვანი გზავნილი’ უწოდა სანაკოევის ვიზიტს ბრიუსელში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიესალმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიზიტს ბრიუსელში, სადაც დიმიტრი სანაკოევი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს კომიტეტის სხდომაზე და მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.


”ის შეხვედრები, რომელიც შედგა, აჩვენებს, რომ ევროპარლამენტმა არა მხოლოდ მიიღო, არამედ მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას ე.წ სამხრეთ ოსეთში აღნიშნული ადმინისტრაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი,”- განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ 29 ივნისს.


დიმიტრი სანაკოევი ბრიუსელს 23-28 ივნისს სტუმრობდა. 


14 ივნისს ვენაში ეუთოს მუდმივ საბჭოზე გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის მცდელობას  ”ყოვლისმომცველ საკონსულტაციო პროცესში” ჩაერთოს სამხრეთ ოსეთში არსებულ ყველა ძალასთან.


თუმცა, განცხადების თანახმად, ეს ყოვლისმომცველი პროცესი ”მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ საკმარისი დრო იქნება და თუ მას  ნდობის აღდგენის კონკრეტული ღონისძიებები მოჰყვება”.


”ამასთან მიმართებაში, ჩვენ გვინდა მეტი ვიცოდეთ იმ პროგრესის თაობაზე, რომელიც დიალოგის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში იქნება მიღწეული,”-განაცხადა ევროკავშირმა. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version