ოპოზიცია სასამართლო პროცესზე მედიის მუშაობის შეზღუდვის ინიციატივას აპროტესტებს

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი, რომლითაც სასამართლოს შენობაში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა დაუშვებელია. ოპოზიციამ ამ ინიციატივას ”ცენზურის შესახებ” კანონპროექტი უწოდა.


ინიციატორი კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს  სასამართლო პროცესიდან ”პოლიტიკური დივიდენდების მიღების აღკვეთას” და სასამართლოზე საზოგადოებრივი ზეწოლის მოხსნას.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლო სხდომაზე ტელეკამერების ყოფნა ასევე ”მიმართულია მცდარი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ”.


”ტელეკამერების ყოფნა ხელს უწყობს პროცესის ანგაჟირებას და მხარეთა მიერ შეგნებული პროვოკაციების მოწყობას. ასეთ ვითარებაში სასამართლო საქმის განხილვა… დატვირთულია ემოციური განცხადებებითა და გამოსვლებით, რაც არ უწყობს ხელს საქმის სრულყოფილ და ობიექტურ განხილვას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედების ახდენს მოსამართლეზე,”- მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები.


კანონპროექტის თანახმად, თავად სასამართლო გადაწყვეტს პროცესის ამსახველი რომელი ვიდეო და აუდიო ჩანაწერი მიაწოდოს მასმედიას. 


”თუმცა სასამართლო სხდომა საჯარო რჩება და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება,”- განაცხადა 27 ივნისს ლევან ბეჟაშვილმა კანონპროექტის განხილვის დროს. 


ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო გაავრცელებს მხოლოდ იმ ”ტენდენციურ” მასალებს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს.


”ლიბერალური გახსნილი სივრციდან დახურული სივრცისკენ მივდივართ და ამით ვცდილობთ დავმალოთ ის პრობლემები, რომელიც ყველამ ისიც, რომ დღეს არსებობს ქართულ სასამართლოში,”- განაცხადა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ კანონპროექტის შესახებ. 


მისი თქმით, ეს ინიციატივა არა მხოლოდ ”ასამარებს” საბოლოოდ სასამართლოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს, არამედ ”შეტევაა სიტყვის თავისუფლებაზე”.


კონსერვატორი დეპუტატის კახა კუკავას განცხადებით, ხელისუფლებას სურს სასამართლოს ”რკინის ფარდა” ჩამოაფაროს, რათა საზოგადოებამ ვერ დაინახოს რა ”ბინძურ” გადაწყვეტილებებს იღებენ მოსამართლეები.


კანონპროექტის მხარდაჭერისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა კოლეგებს  დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ ”ახალი მემარჯვენეებიდან”. 


კანონპროექტს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სავალდებულო დასკვნა არ ახლდა, რის გამოც ოპოზიციამ მისი განხილვიდან მოხსნა მოითხოვა, თუმცა უმრავლესობამ ეს შენიშვნა არ გაიზიარა. კანონპროექტს პირველი მოსმენით ამ კვირაში უყრიან კენჭს.


 

Exit mobile version