2007 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 575 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ივნისს.
მთავრობის სხდომაზე საუბრისას ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში სამი უმსხვილესი ინვესტორი – დანია, თურქეთი და ნიდერლანდები – იყო.
მისი თქმით, წლის ბოლომდე საქართველოში 2-2,5 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იგეგმება.
2006 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1,14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2005 წელს – 450 მილიონი აშშ დოლარი. გასულ წელს სამი უმსხვილესი ინვესტორი დიდი ბრიტანეთი, აშშ და ყაზახეთი იყვნენ.
პრემიერ-მინისტრი 28-30 ივნისს მონაკოს ეწვევა, სადაც კრანს მონტანას ფორუმზე საქართველოში საინვესტიციო პოტენციალს წარადგენს.
საქართველოს ხელისუფლება წელს ასევე გეგმავს მთელი რიგი ფორუმების გამართვას ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენის მიზნით. 2 ივნისს ყაზახეთის დედაქალაქი, ასტანა უმასპინძლებს ფორუმს Invest in Georgia, ხოლო ანალოგიური ღონისძიებები ასევე გაიმართება ვენასა და ლონდონში ოქტომბერში, ნიუ-იორკში ნოემბერში და ნიუ დელიში დეკემბერში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)